Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კახიანი განმარტავს, რატომ არ უჩერებენ მანდატებს ყველა ოპოზიციონერს


საქართველო პარლამენტის უმრავლესობის წევრი, გიორგი კახიანი განმარტავს იმ მიზეზს, რის გამოც პარლამენტმა მანდატებზე უარის მთქმელი დეპუტატებიდან მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსის" განაცხადების განხილვა დაიწყო. მისი თქმით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გასამართი შეხვედრების მე-5 რაუნდამდე მათთვის მანდატების შეჩერების საკითხს სიფრთხილით უდგებიან.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, სიფრთხილით ვუდგებით უფლებამოსილებების შეწყვეტის საკითხს. ანუ, იმ პარტიებს, რომლებსაც ჩახსნილი აქვთ თავისი სიები, მათი პარლამენტის წევრების უფლებამოსილებების შეწყვეტა გამოიწვევს იმას, რომ მათ ადგილმონაცვლე არ ეყოლებათ, ამიტომ, ვიდრე საბოლოოდ შეთანხმება არ შედგება და ეს მოლაპარაკებების რაუნდი არ დასრულდება, ცხადია, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ჯერ არ ვიღებთ", - თქვა გიორგი კახიანმა.

პარლამენტს მანდატების შეჩერების მოთხოვნით 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან 54-მა მიმართა. მათ მიაჩნიათ, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები გაყალბდა. იმის მიუხედავად, რომ "პატრიოტთა ალიანსი" მათ შორის ყველაზე ბოლო იყო, პარლამენტმა მათი საკითხის განხილვა სხვაზე ადრე დაიწყო.

"პატრიოტთა ალიანსის" სიაში მყოფმა პირებმა, 5 ოპოზიციური პარტიის მსგავსად, ცესკოს სიის გაუქმების მოთხოვნით მიმართეს. გაუქმებულ სიაში არ მოხვდა 3 პირი, რომლებიც ირმა ინაშვილისთვის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძისთვის მანდატების შეჩერების შემდეგ მათ ადგილმონაცვლეებად შევლენ პარლამენტში.

მანდატების გაუქმების საკითხს პარლამენტი დღეს განიხილავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG