Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის უშიშროება, ლუკაშენკას დავალებით, განიხილავდა ჟურნალისტ შერემეტის აფეთქებას


ჯერ კიდევ 2012 წელს, ბელარუსის საიდუმლო სპეცსამსახური პრეზიდენტ ლუკაშენკას დავალებით, განიხილავდა ჟურნალისტ პაველ შერემეტის აფეთქებას, რაც 4 წლის შემდეგ განხორციელდა.

ამის შესახებ რადიო თავისუფლების ბელარუსული და უკრაინული სამსახურები იუწყებიან ბელგიურ გამოცემა Euobserver-სა და "ევროპიესკა პრავდაზე" დაყრდნობით, რომელსაც ხელში ჩაუვარდა 2008-2012 წლებში ბელარუსის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ვადიმ ზაიცევის, საუბრის ჩანაწერი.

ჩანაწერში, რომელიც ფარული მოწყობილობით არის გაკეთებული 2012 წლის აპრილში, ზაიცევი თავის ოფისში, მინსკში, ინსტრუქტაჟს უტარებს ბელარუსის კაგებეს ელიტურ ანტიტერორისტულ ქვედანაყოფ „ალფას“ თანამშრომლებს.

ჩანაწერის მიხედვით, განიხილება ასევე ჟურნალისტ პაველ შერემეტის მოკვლის მეთოდი. ბელარუსი მინისტრი იძლევა დავალებას, რომ ააფეთქონ იმხანად რუსეთში მცხოვრები ჟურნალისტი და თანაც საზოგადოების თვალწინ, საჯარო ადგილზე.


„ჩვენ უნდა ვიმუშაოთ შერემეტზე, ის ნამდვილ თავის ტკივილად იქცა. პრეზიდენტი (ლუკაშენკა) ელოდება ამ ოპერაციას“, - ისმის ჩანაწერში ზაიცევის ხმა.

ჟურნალისტებს ეს აუდიოჩანაწერი და სხვა მასალები გამოსაძიებლად გადასცა ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტულ რაზმ „ალმაზის“ მეთაურის ყოფილმა მოადგილემ, უფროსმა ლეიტენანტმა, იგორ მაკარმა.

ბელარუსი ჟურნალისტი პაველ შერემეტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა რუსეთსა და უკრაინაში, კიევში 2016 წლის ივლისში მოკლეს. მის თავდასხმაში სავარაუდო მონაწილეობისათვის პოლიციამ დააპატიმრა დონბასში საბრძოლო მოქმედებების მოხალისე, ქირურგი იულია კუზმენკო, ასევე ვეტერანი და მუსიკოსი ანდრეი ანტონენკო და სამხედრო მედდა, იანა დუგარი.

გამოძიების ვერსიით, ცნობილი ჟურნალისტის მკვლელობა მიზნად ისახავდა ქვეყანაში საპროტესტო მღელვარების პროვოცირებას. უფრო ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ შერემეტის მოკვლით, ჯგუფის მიზანი იყო უკრაინაში „პოლიტიკური და საზოგადოებრივი ვითარების დესტაბილიზაცია“.

ეჭვმიტანილები წაყენებულ ბრალდებას უარყოფენ.

XS
SM
MD
LG