Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქცია-მსვლელობა კახეთში - რა მოთხოვნები აქვთ აქციის მონაწილეებს


საპროტესტო აქცია გურჯაანში
საპროტესტო აქცია გურჯაანში

სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებსაც ერთი თვეა, თელავში კარავი აქვთ გაშლილი და 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, დღეს კახეთის მუნიციპალიტეტებს შორის საავტომობილო კოლონებით მსვლელობა გამართეს. თავად მუნიციპალიტეტების ქუჩებში აქტივისტები ფეხით მოძრაობდნენ. აქციას თბილისიდანაც შეუერთდნენ.

დავით ნებიერიძე, რომელიც წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას „დაიცავი არჩევანი“, ამბობს, რომ საქართველოში უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, მანამდე კი გათავისუფლდნენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირები.

„თავისუფლების მარში ეძღვნება ჩვენს პოლიტპატიმრებს: გიორგი რურუას, ილიჩოვას, აკაკი ხუსკივაძეს. მოვითხოვთ პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ასევე დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები! მთავარი მიზანი არის უზურპატორი ხელისუფლების დასრულება“, - განაცხადა გურჯაანის მერიასთან გამართულ აქციაზე დავით ნებიერიძემ.

მსვლელობა დღეს კახეთის სამ ქალაქში - გურჯაანში, ყვარელსა და თელავში - გაიმართა. აქცია დასრულდა სწორედ თელავში, სადაც სამოქალაქო აქტივისტებს 4 დეკემბრიდან კარავი აქვთ გაშლილი და პოლიტიკურ მოთხოვნებს ახმიანებენ. დღეს მონაწილეებს პოლიტიკურთან ერთად კიდევ ერთი და, როგორც თავად ამბობენ, ამ დროისთვის მთავარი მოთხოვნა ჰქონდათ: დროულად იქნეს გამოძიებული 1-ლი იანვრის ინციდენტი.

როგორც სამოქალაქო აქტივისტმა და კარვების აქციის მონაწილე რამაზ აივაზაშვილმა თქვა, პირველ იანვარს კარავს დაეჯახა ავტომობილი და შიგნით მყოფი ადამიანები შემთხვევით გადარჩნენ. აივაზაშვილის თანახმად, მათ აქციას ჰყავს მოწინააღმდეგეები და შესაძლოა ინციდენტი წინასწარვე იყო ორგანიზებული. ამიტომ, მისი და მეგობრების მოთხოვნაა, დროულად მოხდეს ინციდენტის მონაწილე პირების იდენტიფიცირება და მათი დასჯა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ერთი თვის განმავლობაში რამდენიმე პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, თუმცა არავინ დასჯილა.

„ადგილზე, სადაც მანქანა დაეჯახა, წინა დღეს გვედგა საწოლი, რომელიც გადავაადგილეთ. იქ რომ საწოლი ყოფილიყო, მსხვერპლი იქნებოდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციას ინფორმაცია დაუყოვნებლივ მივაწოდეთ. ჩვენ მოსვენებას არ მივცემთ სამართალდამცავებს მანამდე, სანამ ადამიანები დასჯილები არ იქნებიან. აუცილებლად კიდევ გავმართავთ აქციებს და თუ საჭირო იქნება, გზასაც გადავკეტავთ - ამით ჩვენ ვაიძულებთ პოლიციას, რომ დამნაშავეები დაისაჯონ, თუმცა ამის დიდი იმედიც არ გვაქვს, რადგან წინა პროვოკაციები რეაგირების გარეშე დარჩა“.

საპროტესტო მსვლელობა
საპროტესტო მსვლელობა

ამ ეტაპზე მედიისთვის უცნობია, ჰყავს თუ არა პოლიციას იდენტიფიცირებული პირი ან პირები, რომლებიც, სავარაუდოდ, შეეჯახნენ თელავში განთავსებულ კარავს. ძალოვან უწყებაში რადიო თავისუფლებას მხოლოდ წერილობითი ფორმით უთხრეს, რომ კარვის დაზიანების საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით იძიებენ. ამ მუხლით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა სხვისი ნივთის დაზიანებისთვის დგება, თუმცა ამ დროისთვის არავინაა დაკავებული. თელავში გაშლილ კარავში მყოფი აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ მუდმივად მოხდეს იმ ტერიტორიის პატრულირება, სადაც კარავია გაშლილი. პროტესტის მონაწილე ლაშა ხუსკივაძის თქმით, ისინი ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ და პირობა მიიღეს, რომ კარავთან მუდმივად იმორიგევებენ სამართალდამცავები და ასევე „პოლიციამ მოგვცა პირობა, რომ საქმეზე გამოძიება რაც შეიძლება მალე დასრულდება. ჩვენ გვითხრეს, რომ მათ იდენტიფიცირებული ჰყავთ პიროვნება, ვინც დანაშაული ჩაიდინა. ელოდებიან, რომ გამოძიება დასრულდება ყველაზე გვიან 2 კვირაში, ამის შემდეგ კი მასალები გადაეგზავნება პროკურატურას და ეს უწყება მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ, მიუხედავად ინციდენტებისა, თელავის თეატრთან გაშლილი კარავი არ დაიშლება. 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაპროტესტებას თელავში 5 დეკემბრიდან შეუერთდნენ. აქცია ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით თავდაპირველად ორმა სამოქალაქო აქტივისტმა დაიწყო, შემდეგ კი მათ ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებიც შეუერთდნენ. თელავის თეატრთან ერთი მცირე, მეორე კი დიდი ზომის კარავია გაშლილი. წარწერებია: „არჩევნების გაყალბება ისჯება კანონით“, „საქართველო ოკუპირებულია რუსი ოლიგარქის მიერ“.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG