Accessibility links

logo-print logo-print

სიმონ ვეი: იდუმალი აზრის სხივი ბნელ დროებაში გარიყულთათვის


სალომე ასათიანის პოდკასტი

„მე მისი მშურდა, რადგან მას ჰქონდა გული, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სცემდა. ერთ დღეს მასთან მიახლოება მოვახერხე. არ მახსოვს როგორ დავიწყეთ ლაპარაკი. მან ცალსახად გამომიცხადა, რომ დღევანდელ მსოფლიოში ერთადერთი რამ იყო მნიშვნელოვანი - რევოლუცია, რომელიც დედამიწაზე ყველა ადამიანს დააპურებდა. მეც არანაკლები პირდაპირობით ვუთხარი - მთავარი ის კი არ არის, რომ ადამიანები გაბედნიერდნენ, არამედ მათ არსებობას აზრი უნდა მიეცეს-მეთქი. მან ამხედ-დამხედა და მომიგო - ‘ადვილი შესამჩნევია, რომ არასოდეს ყოფილხარ მშიერიო’. ჩვენი ურთიერთობა აქ დასრულდა“.

ამას სიმონ დე ბოვუარი წერს - მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინტელექტუალი, ფრანგი მწერალი, ავტორი, რომლის გარეშეც თანამედროვე ფემინისტური ფილოსოფია წარმოუდგენელი იქნებოდა. ის ამას წერს თავის წიგნში „ზრდილი ქალიშვილის მემუარები“ - და იხსენებს თავის თანამედროვე ფილოსოფოს ქალს, სიმონ ვეის და მასთან სავარაუდოდ 1929 წელს შემდგარ ამ მოკლე შეხვედრას. სიმონ დე ბოვუარი სიმონ ვეის შორიდან მანამდეც იცნობდა - ერთი წლით ადრე ისინი ერთად აბარებდნენ საფრანგეთის პრესტიჟულ სასწავლებელში, ეკოლ ნორმალ სუპერიორში - ეს მეორე წელი იყო, როცა ამ სასწავლებელმა თავის მოწაფეებად ქალები დაუშვა. მაშინ სიმონ ვეიმ სიმონ დე ბოვუარზე მაღალი ნიშანი მიიღო ზოგადი ფილოსოფიის და ლოგიკის მისაღებ გამოცდაში.

ლისა მაკალოუ
ლისა მაკალოუ

სიმონ ვეის მისი თანამედროვეები უცნაურ ქალად იცნობდნენ. მასწავლებლები და თანაკლასელები მას ხან „მარსიანელად“ მოიხსენიებდნენ, ხან „წითელ ქალწულად“ – მის მემარცხენეობაზე და ასექსუალობაზე მინიშნებით. დღეს კი სიმონ ვეის მიიჩნევენ მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალურ, თვითმყოფად, და მაინც უცნაურ, იდუმალ მოაზროვნედ. მემარცხენე ფილოსოფოს ქალად, რომელიც ჩაგრულ ხალხთან სოლიდარობამ და იდენტიფიკაციამ ქრისტიანულ მისტიციზმთან მიიყვანა.

სიმონ ვეი იყო თავისი თაობის გამორჩეული ინტელექტუალი, რომელმაც უარი თქვა აკადემიის კედლებში გამოკეტვაზე, თავის პრივილეგირებულ, შეძლებულ წარმომავლობაზე და ჯერ მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ინდუსტრიულ ქალაქებში, შემდეგ მუშა გახდა მანქანების ქარხანაში - საიმისოდ, რომ საკუთარ თავზე, საკუთარ სხეულზე გამოეცადა მაინც რას ნიშნავდა ადამიანისთვის ქარხნის მძლავრ მანქანაში დეჰუმანიზებულ კბილანად, ჭანჭიკად ყოფნა. ის იყო მემარცხენე აქტივისტი, რომელმაც ადრეულ ეტაპზევე დაგმო სტალინიზმი და საბჭოეთის ტოტალიტარული მანქანა. ვეი იყო მორწმუნე თეოლოგი, რომელიც არასოდეს მონათლულა და მძლავრი სკეფსისით უყურებდა კათოლიკე ეკლესიას. და იყო ფილოსოფოსი, რომელმაც ეგზისტენციალიზმის, სამყაროს აბსურდულობის, „ღმერთის სიკვდილის“ ინტელექტუალურ კლიმატში სწორედ ღმერთზე დაიწყო წერა. ადამიანის და ღმერთის ურთიერთმიმართების, სამყაროს შექმნის იდეის რადიკალური გადააზრებით სიმონ ვეიმ ძლიერად და ძალიან უჩვეულოდ უპასუხა მარადიულ კითხვას - როგორ არის შესაძლებელი ღმერთი იყოს იმ სამყაროში, სადაც ამდენი უსამართლობა, ტკივილი, ჩაგვრაა და სადაც ადამიანებს ასეთი ინტენსიური ტანჯვა უწევთ. და ეს ყველაფერი მან ძალიან მოკლე დროში შეძლო. სიმონ ვეი 34 წლის ასაკში გარდაიცვალა, 1943 წლის 24 აგვისტოს - ტუბერკულოზით და არასათანადო კვებით.

ყველას, ვისაც აზროვნება სურს და აინტერესებს, ცხოვრებაში ერთხელ

სტივენ პლანტი
სტივენ პლანტი

მაინც აუცილებლად უნდა დაუდგეს სიმონ ვეით შეპყრობილობის პერიოდიო - წერდა გაზეთი „გარდიანი“ რამდენიმე თვის წინ, სიმონ ვეის მორიგი ბიოგრაფიის რეცენზიაში. და ცნობილია, რომ ვეის მიმართ ამგვარი ობსესიის პერიოდი ჩვენი თანამედროვეობის ბევრ დიდ მოაზროვნეს განუცდია. “ჩვენ უბრალოდ კარი უნდა გავუხსნათ ამ გენიალური ქალის პიროვნებას - მისი გენია მხოლოდ წმინდანებისას თუ შეედრება“– წერდა სიმონ ვეის შესახებ ტომას სტერნზ ელიოტი. ალბერ კამიუ მას „ჩვენი დროების ერთადერთ დიად სულს“ უწოდებდა. ვეი „ყველა აუტსაიდერის მფარველი წმინდანიაო“, ამბობდა ანდრე ჟიდი. ჯორჯო აგამბენი სიმონ ვეის ახასიათებს „ჩვენს დროებაში ყველაზე ნათელი ცნობიერების“ მქონე ფიგურად. ჰანა არენდტი კი თვლიდა, რომ თანამედროვე ყოფაში შრომის საკითხს, როგორც ასეთს, მხოლოდ ვეი ეკიდებოდა „სენტიმენტალიზმის“ გარეშე.

ასათიანის კუთხე

ასათიანის კუთხე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:32 0:00
სალომე ასათიანის პოდკასტში, "ასათიანის კუთხეში", ბინადრობს ბევრი მოსაზრება, წიგნი, ფილმი, მუსიკა, იდეა, პოზიცია, ემოცია და ბევრი ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერზე გვიყვება. გადაცემის ავტორთან დაკავშირება შეიძლება ელექტონული ფოსტით, მისამართზე asatianis@rferl.org და ფეისბუკით, ამ პოდკასტის გვერდზე.

„ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი ამ იდუმალ მოაზროვნეს ეძღვნება. ჩვენი სტუმრები არიან სიმონ ვეის ცხოვრების და მემკვიდრეობის მკვლევრები, თეოლოგები - კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ლისა მაკალოუ და კემბრიჯის უნივერსიტეტის ტრინიტი ჰოლის კოლეჯის დეკანი, სტივენ პლანტი. სტუმრები გვიყვებიან ვეის ბიოგრაფიაზე, იმ სირთულეებზე, რომლებიც მას ბევრგან ხვდებოდა - თავისი ებრაული წარმომავლობის გამო მძლავრად ანტისემიტურ გარემოში, ქალად ყოფნის გამო მასკულინურ, პატრიარქალურ აკადემიურ სივრცეში. გვიყვებიან იმ მძიმე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტრავმებზე, რომლებიც ვეიმ ქარხნებში ფიზიკური შრომით მიიღო - და რომლებმაც, მისთვისვე მოულოდნელად, მას ზებუნებრივ ძალასთან შეხების სხეულებრივი გამოცდილება მოუტანა. აანალიზებენ მისი სიტყვების არსს - რომ „სიმართლის თქმა მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც დამცირების ყველაზე მძიმე ხარისხი გამოცადა. ყველა დანარჩენი ცრუობს“. და გვიყვებიან იმ დისკუსიაზეც, რომელშიც სიმონ ვეი ივან კარამაზოვთან შედის - დოსტოევსკის პერსონაჟთან, რომელიც მსოფლიო ლიტერატურაში ღმერთის იდეასთან მიმართებით ადამიანის შინაგანი კონფლიქტის ერთგვარ სიმბოლოდ არის ქცეული.

პოდკასტში, ცხადია, სიმონ ვეის რელიგიური ფილოსოფიის უმთავრეს მოსაზრებებს, ცნებებს, თუ მგრძნობელობასაც ვეხებით. ლისა მაკალოუ და სტივენ პლანტი გვიხსნიან მის ყველაზე მნიშვნელოვან, იდუმალ და რადიკალურ იდეას - რომ სამყაროს შექმნით ღმერთი იქიდან გადის, სამყაროს სივრცეს უთმობს, აბსოლუტური ძალაუფლებიდან აბსოლუტურ სიყვარულად გარდაიქმნება.და რომ ჩვენც, ადამიანებმაც, იგივეს გაკეთება უნდა ვცადოთ - დავთმოთ ძალაუფლების ილუზია, ეგო, საგნების და ადამიანების ფლობის ვნება და სამყაროს რეალობის აღიარებით, მასთან თავისუფალ ურთიერთობაში შესვლით - რასაც სიმონ ვეი უცნაურ ტერმინს, „დეკრეაციას“ უწოდებს - ღმერთის სიყვარული მივიღოთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG