Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხანძარმა ოკუპირებული გალის რაიონის ათამდე სოფელი დააზარალა


ე.წ. საზღვარი სოფელ ნაბაკევთან
ე.წ. საზღვარი სოფელ ნაბაკევთან

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში ხანძარს მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრეებთან ერთად აქრობდა ადგილობრივი მოსახლეობა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას აცნობა ნაბაკევის ორმა მცხოვრებმა. მათი ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლები ხანძარს გადაურჩა და არც ევაკუაცია გახდა საჭირო. დაიწვა დამხმარე ნაგებობები და თხილნარები.

ნაბაკეველი ზაირა არონიას ინფორმაციით, ტყიდან გავრცელებული ხანძრის კერები იყო ნაბაკევის მოსაზღვრე სოფელ სოფჩაიში, ასევე, ოტობაიაში, თაგილონში, ქვემო ბარღებსა და სიდაში.

„გადამწვარია თხილნარი, ღობეები, საქონლის სადგომები, საქონლის საკვები. გამოუშვეს სახანძროები, მაგრამ ისეთი ცეცხლი იყო, ზარალი დიდია. ხანძარი წუხელვე ჩააქრეს, მთელი სოფელი ფეხზე იდგა. ხალხი და სახლები გადარჩენილია, მაგრამ სხვა ზარალი დიდია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზაირა არონიამ. მისივე ცნობით, ძირითადად, დაზარალდნენ ნაბაკევის და სოფჩაის მცხოვრებნი.

რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, ხანძრის შედარებით პატარა კერა იყო სიდა-ჭუბურხინჯის მიმდებარე ტყის მასივში. მოსახლეობის ევაკუაცია არც აქ გამხდარა საჭირო.

ტყის ფოთლოვანი ნაწილი იწვოდა სოფელ ოტობაიაში. სოფლის მცხოვრებმა რადიო თავისუფლებას უამბო, რომ მოსახლეობამ შეძლო ცეცხლის ჩაქრობა, სანამ ის დასახლებულ პუნქტს მიუახლოვდებოდა.

„ოტობაიაში მცირე კერები იყო და ფართო მასშტაბებს არ მოიცავდა. უფრო მასშტაბური იყო ბარღებში. ბოლომდე მოახერხეს თუ არა იქ ხანძრის ჩაქრობა, არ ვიცი. გალში მოსახლეობის ევაკუაცია არ მომხდარა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ოტობაიაში მცხოვრებმა ახალგაზრდა კაცმა, რომლის ვინაობას მისივე თხოვნით არ ვასახელებთ.

დღეს დილით გალის ტელევიზიამ გაავრცელა ცნობა, რომ ტყის მასივებში გაჩენილი ხანძრების დასახლებულ პუნქტებსა და საცხოვრებელ სახლებზე გავრცელების გამო, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. დასახელებული იყო სოფლები ზემო ბარღები, სიდა და რეფი.

დღის 12 საათისთვის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ხანძარი სწრაფად გავრცელდა ძლიერი ქარის და მშრალი ამინდის გამო და გალის რაიონში 9 სოფელი მოიცვა. ამავე სამსახურის ცნობით, სოფელ ზემო ბარღებში დაიწვა სამი საცხოვრებელი სახლი, თუმცა, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, ტყის მასივებთან დამწვარია დაახლოებით 600 ჰექტარი ტერიტორია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG