Accessibility links

logo-print logo-print

"პატრიოტთა ალიანსის" სიით არჩეული დეპუტატები პარტიას ტოვებენ


"პატრიოტთა ალიანსის" სიით პარლამენტში არჩეული დეპუტატები - ავთანდილ ენუქიძე, ზაზა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი პარტიას ტოვებენ. ამის შესახებ მათ ერთობლივი განცხადება პარლამენტის გავლით გაუგზავნეს მედიასაშუალებებს.

"ეს არის ჩვენთვის მტკივნეული გადაწყვეტილება, რადგან წლების მანძილზე ბევრი რამ გვაქვს გაკეთებული ამ პარტიის წინსვლისა და წარმატებისთვის. ჩვენ ამ პარტიისთვის და მათ შორის, 2016 და 2020 წლების საპარლამენტო არჩევნებში მისი წარმატებისთვის, ბევრად მეტი გვაქვს გაკეთებული, ვიდრე ეს რამდენიმე ათეული ათასი ლარით აისახება, როგორც შენატანი, რომელიც პარტიას გასული წლების მანძილზე შევწირეთ... ყველაფრის მიუხედავად, როდესაც არსებობს პრინციპული აზრთა სხვადასხვაობა, საჭიროა ნაბიჯის გადადგმა და ჩვენ ეს ნაბიჯი დღეს გადავდგით. დარწმუნებული ვართ, ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ჩვენს გადაწყვეტილებას დადებითად შეაფასებს. ამასთანავე არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო პარტიის თავმჯდომარეს ბატონ დავით თარხან-მოურავს, რომ მოგვცა საშუალება ვიყოთ აქ პარლამენტში ამ სტატუსით", - ვკითხულობთ განცხადებაში.

მათი პოლიტიკური გაერთიანება "ევროპელი სოციალისტები" ყრილობის ჩატარებასა და პოლიტიკური გუნდის წარდგენას გეგმავს.

"[ჩვენი] მიზანი იქნება ჩვენი ეროვნული ტრადიციებისა, ჩვენი თვითყოფადობის და ევროპული ღირებულებების დაცვა, ქართული ეკონომიკის გაძლიერება და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესება... ჩვენი ამოცანაა, ჩვენმა ახალმა პარტიამ მონაწილეობა მიიღოს მომდევნო ადგილობრივი თვითმმართველობის და საპარლამენტო არჩევნებში ახალი „საარჩევნო კოდექსის“ და განახლებული საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ფრიდონ ინჯიას, დავით ზილფიმიანისა და გელა მიქაძის უფლებამოსილება პარლამენტმა დღეს ცნო. ამ გადაწყვეტილების შემდეგ პარლამენტს ოპოზციიდან 4 დეპუტატი ეყოლება, მათ შორის ერთ-ერთი ავთანდილ ენუქიძეა. 4-ვე მათგანი "პატრიოტთა ალიანსიდან" არის.

ხუთი პარტიის სახელით გასულმა დეპუტატებმა პარლამენტს დეპუტატის მანდატის გაუქმების მიზნით უკვე მიმართეს. ესენია: „ლეიბორისტული პარტია", „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ენმ - ძალა ერთობაშია“ და „ევროპული საქართველო". აღნიშნულმა ხუთმა პარტიამ შესაძლო ადგილმონაცვლეთა სიაც გააუქმა.

დეპუტატის მანდატის გასაუქმებლად ჯერ პარლამენტისთვის არ მიუმართავს „გირჩის“ სამ და პარტია „მოქალაქეების" ორ დეპუტატს. მათ არც „სათადარიგო" სიის განულების განცხადება შეუტანიათ ცესკოში. გამონაკლისია "გირჩის" სიით პარლამენტში არჩეული ზურა ჯაფარიძე. მან პარლამენტს მანდატის გაუქმების მოთხოვნით ინდივიდუალურად მიმართა და შემდეგ სხვა მიზეზით პარტია დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG