Accessibility links

logo-print logo-print

"რესტორატორთა ასოციაცია" რესტორნების 16 იანვრიდან გახსნას ითხოვს


"რესტორატორთა ასოციაცია" საქართველოს მთავრობისგან რესტორნებისთვის დაწესებული შეზღუდვების ორი კვირით ადრე მოხსნას ითხოვს. ასოციაციის ხელმძღვანელმა, შოთა ბურჯანაძემ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ბიზნესის გადასარჩენად რესტორნები 16 იანვრიდან, მოლებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებასთან ერთად უნდა გაიხსნას.

მისი გათვლებით, თებერვლის დასაწყისში ფინანსური დანაკარგების გამო რესტორნების მხოლოდ 10 პროცენტი შეძლებს მუშაობის გაგრძელებას, იანვრის შუა რიცხვებისთვის კი უფრო მეტი გადარჩება, დაახლოებით ნახევარი. ბურჯანაძე ამბობს, რომ ამ სფეროში, დღევანდელი მდგომარეობით, მინიმუმ 120 ათასი ადამიანია უმუშევარი.

"მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან ამ სექტორის მნიშვნელოვანი დახმარებისა, რომელიც ბოლო თვეებში გატარდა, ვერ შეძლებენ [მუშაობის განახლებას], ძალიან ბევრი რესტორანი იყიდება. ის რესტორნები, რომლებიც იჯარას იხდიან, 95 პროცენტი ვერ შეძლებს მუშაობას. მეიჯარეები ითხოვენ ფართების დაცლას... საბოლოო ჯამში, მივიღებთ ძალიან ცოტა რესტორანს, რომელიც შეძლებს გახსნას", - თქვა "რესტორატორთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მთავრობასთან მოლაპარაკებები აქვთ.

საქართველოში რესტორნები მეორედ პანდემიის მეორე ტალღის გამო 28 ნოემბრიდან დაკეტილია. მათ მხოლოდ "მიტანის სერვისით" მუშაობა შეუძლიათ. რესტორნებს შეუმცირდათ შემოსავლები და ამ მიზეზით რამდენიმე ათასი ადამიანი უმუშევარი დარჩა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG