Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენმა ტრამპს მიმართა, მის მომხრეებს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდოს


აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, რომ ტელევიზიის საშუალებით მიმართოს თავის მომხრეებს, შეწყვიტონ კაპიტოლიუმის შტურმი.

ბაიდენმა, რომელმაც საგანგებო მიმართვა დელავერიდან გააკეთა, იმ ადამიანებს, რომლებიც კონგრესის შენობაში შეიჭრნენ, „ერთი მუჭა ექსტრემისტები“ უწოდა.

„ეს არ არის განსხვავებული აზრი, ეს არის არეულობა. ეს გადადის ამბოხში და ამას ბოლო უნდა მოეღოს. დაუყოვნებლად!“, - განაცხადა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეები შეიჭრნენ აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს შენობაში, კაპიტოლიუმში, სადაც შეკრებილი იყვნენ კანონმდებლები, რათა არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამარჯვება დაემტკიცებინათ.

სენატმა მოულოდნელად გამოაცხადა შესვენება და ზოგიერთმა წევრმა ოფისი დატოვა.

დონალდ ტრამპმა ტელევიზიის ნაცვლად თავის მომხრეებს ტვიტერის საშუალებით მიმართა და მოუწოდა მათ, წავიდნენ სახლებში.

ამასთან მან კვლავ გაიმეორა დაუსაბუთებლი ბრალდება არჩევნების მოპარვის თაობაზე.


„ახლა საჭიროა, რომ წახვიდეთ სახლებში. ჩვენ გვიჭრდება მშვიდობა. ჩვენ გვჭირდება წესრიგი და კანონიერება“, - განაცხადა დონლად ტრამპმა ტვიტერის საშუალებით გავრცელებულ ვიდომიმართვაში.

შენობაში სროლისას, როცა მეამბოხეები შეიჭრნენ კაპიტოლიუმის შენობაში, დაჭრილია ერთი ქალი. დაშავდა რამდენიმე პოლიციის თანაშრომელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG