Accessibility links

logo-print logo-print

4 ადამიანი დაიღუპა ვაშინგტონში მასობრივი არეულობების დროს


დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კონგრესის შენობასთან. 2020 წლის 6 იანვარი

ვაშინგტონში მასობრივი არეულობებისას 4 ადამიანი დაიღუპა. პოლიციის ინფორმაციით, კაპიტოლიუმის შენობაში სხვა დემონსტრანტებთან ერთად შეჭრილი ქალი სასიკვდილოდ დაჭრა პოლიციის ოფიცერმა. კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს კიდევ სამი ადამიანის, ერთი ქალის და ორი მამაკაცის ცხედრები. კოლუმბიის ოლქის პოლიციის უფროსმა რობერტ კონტიმ მხოლოდ ის განაცხადა, რომ ამ ადამიანების სიკვდილი გამოიწვია შემთხვევებმა, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა.

კონტის ინფორმაციით, მასობრივი არეულობებისას დაშავდა 14 პოლიციელი. ორი მათგანის მდგომარეობა სერიოზულია. ერთი სახეშია დაჭრილი, მეორე კი მძიმედ დაშავდა, როცა ხალხის ბრბოში ძალით შეათრიეს.

პოლიციის უფროსის თანახმად, კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ორი თვითნაკეთი ბომბი და აალებადი სითხით სავსე ბოთლები. ამ ეტაპზე დაკავებულია 52 პირი, მათ შორის რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარებისთვის.

6 იანვარს, ვაშინგტონში, დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა საპროტესტო აქციების დროს, დემონსტრანტების ნაწილი კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა.

კონგრესის შენობაში მიმდინარეობდა წარმომადგენელთა პალატის და სენატის გაერთიანებული სხდომა, რომელზეც 2020 წლის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დადასტურების საკითხი განიხილებოდა. შენობაში შეჭრილები მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება.

პოლიციას წესრიგის აღსადგენად დაახლოებით ოთხი საათი დასჭირდა. გამოყენებული იყო ცრემლსადენი გაზი და სხვა სპეცსაშუალებები.

მასობრივი არეულობების გამო ვაშინგტონის მერმა 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG