Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Facebook-სა და Instagram-ში ტრამპის ანგარიშები 14 დღით იქნება დაბლოკილი


დონალდ ტრამპი და მარკ ზაკერბერგი (კოლაჟი)
დონალდ ტრამპი და მარკ ზაკერბერგი (კოლაჟი)

Facebook-სა და Instagram-ში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ანგარიშები დაბლოკილი იქნება უახლოესი 14 დღის განმავლობაში. ამის შესახებ კორპორაცია Facebook-ის ხელმძღვანელმა მარკ ზაკერბერგმა განაცხადა. ასეთი გადაწყვეტილება მან ახსნა იმით, რომ აუცილებელია საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ჯო ბაიდენისთვის ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის უზრუნველყოფა. გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, დაკავშირებულია 6 იანვარს ვაშინგტონში მომხდარ არეულობასთან, რომელშიც ტრამპის მომხრეები მონაწილეობდნენ.

ზაკერბერგის თქმით, ტრამპი Facebook-ს იყენებს იმ ადამიანების „გასამართლებლად“, რომლებიც კაპიტოლიუმში შეიჭრნენ და ის თავისი განცხადებებით შემდგომი ძალადობის პროვოცირებას ახდენს.

ზაკერბერგმა განაცხადა, რომ კომპანიის ადმინისტრატორები ადრეც მონიშნავდნენ ხოლმე ტრამპის განცხადებებს, როგორც დეზინფორმაციას. ახლა კი, ნათქვამია განცხადებაში, პრეზიდენტმა ღიად დაიწყო ხალხის „წაქეზება“ დემოკრატიულად არჩეული მთავრობის წინააღმდეგ ძალადობისკენ.

„რისკები, რომლებიც პრეზიდენტს საშუალებას აძლევს, განაგრძოს ჩვენი სერვისებით ისარგებლოს მიმდინარე პერიოდში, ძალიან გაიზარდა. ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ დაბლოკვას მინიმუმ შემდგომი ორი კვირის განმავლობაში, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის დასრულებამდე,“ დაასკვნის ზაკერბერგი.

წუხელ ვაშინგტონში განვითარებული მოვლენების შემდეგ Facebook-მა და Twitter-მა თავდაპირველად 24 საათით დაუბლოკეს ანგარიშები ტრამპს.

XS
SM
MD
LG