Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენმა ტრამპს ამერიკის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასა და წამქეზებლობაში დასდო ბრალი


აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მწვავედ გააკრიტიკა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მას ბრალი დასდო ამერიკის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასა და წამქეზებლობაში, რასაც ვაშინგტონში ძალადობა მოჰყვა 6 იანვარს.

ბაიდენის თქმით, ტრამპის მომხრეებს, რომლებიც წუხელ შეიჭრნენ კაპიტოლიუმში, არ შეიძლება ვუწოდოთ „საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეები“. ბაიდენმა მათ „მეამბოხე ბრბო“ და „შიდა ტერორისტები“ უწოდა. მან ასევე მწვავედ გააკრიტიკა თავად ტრამპი, რომელსაც ჯერაც არ უღიარებია საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება. ბაიდენს პირდაპირ არ მოუწოდებია ტრამპის გადადგომისკენ, მაგრამ აღნიშნა, რომ მისი მრავალი ქმედება ძირს უთხრიდა დემოკრატიულ ინსტიტუტებს და მხოლოდ მის პირად მიზნებს ემსახურებოდა. არჩეული პრეზიდეტის თქმით, ტრამპი აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხში „ვლადიმირ პუტინს უფრო ენდობოდა“, ვიდრე ამერიკის სპეცსამსახურებს.

ამავე აზრის არიან ქვეყნის წამყვანი დემოკრატი პოლიტიკოსები. სენატში დემოკრატების ლიდერი ჩაკ შუმერი და წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი გამოვიდნენ მოწოდებით, ტრამპი ჩამოშორებულ იქნეს თანამდებობას 20 იანვრამდე, როცა მან კონსტიტუციით უნდა დატოვოს თავისი თანამდებობა. ამ მოსაზრებას რამდენიმე რესპუბლიკელი პოლიტიკოსიც იზიარებს.

XS
SM
MD
LG