Accessibility links

logo-print logo-print

კორონავირუსი კიდევ 4 პატიმარს დაუდასტურდა


საქართველოს სამი პენიტენციური დაწესებულების ოთხ პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ დღეს, 8 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, 6 იანვარს PCR ტესტირება ჩაუტარდა სამოქალაქო კლინიკაში მყოფ 46 პატიმარს. მათ შორის არიან როგორც საკარანტინო სივრცეში მყოფი ახალდაკავებული ბრალდებულები, ასევე, კლინიკის სპეციალიზებულ ნაწილში მყოფი, სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულებიდან საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შედეგად გადაყვანილი მსჯავრდებულები.

პენიტენციური სამსახურის თანახმად, ოთხი ინფიცირებულიდან ორი მე-15 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულია, ერთი მე-17 დაწესებულების და ერთი მე-8 დაწესებულების საკარანტინო სივრციდან კლინიკაში გადაყვანილი ახალდაკავებული ბრალდებული, რომელსაც დანარჩენ კონტინგენტთან კონტაქტი არ ჰქონია. ინფიცირებულთა მდგომარეობა სტაბილურია, მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და შესაბამის სამედიცინო მომსახურებას იღებენ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში.

პენიტენციური სამსახურის განცხადებითვე, ინფიცირებულებთან კონტაქტის მქონე პირები სწრაფი ტესტებით შემოწმდნენ და ყველა პასუხი იყო უარყოფითი. ეს პირები პენიტენციური დაწესებულებების მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან და საჭიროების შემთხვევაში, მათაც გაეწევათ სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული მომსახურება.

5 იანვარს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა ქალთა მე-5 დაწესებულების 23 პატიმარს. COVID-19-ით კლინიკაში გარდაიცვალა მე-15 დაწესებულების პატიმარი.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ამ დრომდე უპასუხოდ ტოვებს შეკითხვას, საპატიმროებში კორონავირუსის გავრცელების წყაროს შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG