Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლება მზადაა, ოკუპირებულ აფხაზეთს ხანძრის ქრობაში დაეხმაროს


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებით, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ხანძრის ქრობაში რამდენიმე მიმართულებით დახმარება შესთავაზა. მისი სიტყვებით, საქართველოს ხელისუფლება არ იმყოფება მოლოდინის რეჟიმში და მოქმედებს.

„ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის კერების გაჩენისთანავე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან დაუყოვნებლივ ეცნობა დე ფაქტო ხელისუფლებას სრული მზადყოფნის თაობაზე, ჩავრთულიყავით და დავხმარებოთ ხანძრის კერების ლიკვიდაციაში“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა ბრიფინგზე.

მისი სიტყვებით, 5 იანვრიდან რამდენჯერმე ამოქმედდა ცხელი ხაზი, ოკუპირებულ გალის რაიონში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ჩართვაში მზადყოფნის დადასტურების მიზნით.

„ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის, გაგრაში ხანძრის კერების გაჩენასთან დაკავშირებით, არაერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი სრული მზაობა, დავეხმაროთ კონკრეტული გზებით, მათ შორის, ხანძრის ვერტმფრენით ჩაქრობის საჭიროების შემთხვევაში ხელშეწყობის მიზნით“, - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი.

თეა ახვლედიანის სიტყვებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ხერხისა და მექანიზმის საშუალებით კავშირი აქვთ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და კონკრეტული პასუხის მიღებისთანავე მზად არიან, ჩაერთონ ამ პროცესში. მისივე სიტყვებით, ოკუპაციის პირობებში საქართველოს ხელისულებას არ აქვს ეფექტური წვდომა ოკუპირებულ რეგიონებზე.

ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში რეგიონში გაჩენილი ტყის ხანძრების ლოკალიზებაზე საუბრობენ და ირწმუნებიან, რომ მოახერხეს 7 იანვრის საღამოდან ხანძრის ყველა კერის ლოკალიზება.

დე ფაქტო უწყების თანახმად, 8 იანვრის დილით გაგრის რაიონში არსებული ხანძრის კერაც ფრაგმენტირებულია, ალმა მთებში გადაინაცვლა. ტყის განაპირას დაბალი ინტენსივობის ხანძრის კერები შეინიშნება.

მანამდე გაგრაში ხანძარი საცხოვრებელ სახლებთან იყო მოახლოებული და ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის ევაკუაციისთვის ემზადებოდა. სოციალურ ქსელებში ადგილობრივები საცხოვრებელ სახლებთან მოახლოებული ხანძრის ფოტოებს ავრცელებდნენ.

XS
SM
MD
LG