Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილია, ვინ მიიღებს დახმარებას მთავრობისგან


ახალი წლიდან მთავრობა იწყებს დახმარების ახალ ტალღას. ახალი ტალღის ფარგლებში დახმარებას მიიღებენ ის პირები, ვინც სამსახური დაკარგა 2020 წლის დეკემბრიდან სამი თვის განმავლობაში. დახმარება გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი პირებისთვისაც. დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამისთვის 610 მილიონი ლარია გამოყოფილი.

  • მისი თქმით, ის პირები, ვინც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში თვეში 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ (ჯამში 1 200 ლარი);
  • გარდა ამისა, ყველა მოქალაქეს, რომელიც არის 65 000-დან 100 000 ქულამდე, სოციალურად დაუცველის რანგში, ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში ექნება 100-ლარიანი მხარდაჭერა;
  • ასევე ყველა მოქალაქეს, 0-დან 100 ათას ქულამდე მყოფი, რომელსაც ოჯახში ჰყავს სამი ან მეტი შვილი 16 წლამდე, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად ექნება 100-ლარიანი მხარდაჭერა;
  • 18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის, ასევე ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში, იქნება 100-ლარიანი მხარდაჭერა.

"დღეიდან იწყება განაცხადების მიღება ჩვენი მოქალაქეებისთვის, მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერის მისაღებად ყველა იმ პუნქტებით, რომელიც ახლა მე ჩამოვთვალე... მთავარია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, მათ, რომლებმაც სამსახურები დაკარგეს და მათ, ვისაც ეკუთვნით ეს მიზნობრივი სოციალური დახმარება, რაც შეიძლება სწრაფად და დროულად მიიღონ სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯის შედეგად სოციალური მხარდაჭერა", - განაცხადა პრემიერმა.

კორონავირუსის მეორე ტალღის გამო საქართველოში ბიზნესის დიდ ნაწილს დახურვა მოუწია. ამის გამო უმუშევარი დარჩა რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი. ამ პერიოდში, ფაქტობრივად, არ მუშაობს რესტორნები. როგორც რესტორნების გაერთიანებაში აცხადებენ, ამ სფეროში უმუშევარი მინიმუმ 120 ათასი ადამიანი დარჩა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG