Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაშა ხურციძე: „რაგბის კავშირის ლეგიტიმურმა გამგეობამ ახალი საარჩევნო ყრილობა უნდა დანიშნოს“


 ლაშა ხურციძე
ლაშა ხურციძე

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ლაშა (ბაჩო) ხურციძე კავშირის ახალი საარჩევნო ყრილობის დანიშვნას ითხოვს. ის დარწმუნებულია, რომ 30 დეკემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგის დაკანონება გამორიცხულია და საქმე მაინც ახალ არჩევნებამდე მივა.

„საარჩევნო ყრილობა ჩატარდა აშკარა დარღვევებით. შესაბამისად, საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება იყო ლოგიკური დასასრული იმ პროცესის, რომელიც ყველამ ვიხილეთ. უახლოეს მომავალში უნდა შეიკრიბონ ლეგიტიმური გამგეობის წევრები და დანიშნონ ახალი საარჩევნო ყრილობა, რომელზეც ქართული რაგბის სამყარო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას“, - უთხრა ლაშა ხურციძემ რადიო თავისუფლებას.

ათი დღის წინ გამართულ ყრილობაზე ხურციძე და მისი მომხრეები პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდნენ, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნები მაინც ჩატარდა და ხმის უფლების მქონე დელეგატთა უმრავლესობამ არჩევანი ირაკლი აბუსერიძეზე შეაჩერა. რამდენიმე დღის წინ კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ აბუსერიძეს, წესდებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის გამო, რეგისტრაცია შეუჩერა. ლაშა ხურციძის აზრით, ირაკლი აბუსერიძე ვერ შეძლებს რეესტრის მიერ მითითებული ხარვეზების გამოსწორებას, მაგრამ თუ მან ოცდაათდღიან ვადაში წარმოადგინა ყრილობის ლეგიტიმურობის დამადასტურებელი საბუთები და რეესტრმაც რეგისტრაციაში გაატარა, მაშინ სამართლებრივ დავას აღარ გააგრძელებს.

„თუკი საქმის ძიება სასამართლოში გაგრძელდება, პროცესი კიდევ დიდი ხნით გაიწელება და, შედეგად, ქართული რაგბი უმძიმეს დღეში ჩავარდება. ამიტომ მე არ მივმართავ სასამართლოს. მჯერა, ლეგიტიმური არჩევნები გაიმართება და საქართველოს რაგბის კავშირს სამართლიანად არჩეული პრეზიდენტი ეყოლება“, - განაცხადა ლაშა ხურციძემ.

XS
SM
MD
LG