Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ანანიაშვილთან საბოლოოდ გაწყვიტა კონტრაქტი ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა


13 იანვარს ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა გამოაქვეყნა მოკლე განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და ქართველი ბალერინის მოლაპარაკებების შედეგად, ორივე მხარის თანხმობის საფუძველზე, თეატრმა საბოლოოდ მიიღო ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება.

რადიო თავისუფლებამ სცადა კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებით მეტი დეტალის გაგება თავად ნინო ანანიაშვილთან, რომელიც ადასტურებს, რომ კონტრაქტი მხარეთა თანხმობით შეწყდა.

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრი ჯერ კიდევ 9 იანვარს იუწყებოდა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტის შეჩერების თაობაზე.

„მთელ რიგ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნინო ანანიაშვილი მიწვეულია საბალეტო დასის ხელმძღვანელად ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრში (НОВАТ). თეატრის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ხელმძღვანელის ვინაობის გასაჯაროება კოლექტივისთვის მის ოფიციალურ წარდგენამდე - დასის უპატივცემულობის უკიდურესი გამოვლინებაა.

ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ, შევაჩეროთ მასთან გაფორმებული კონტრაქტის მოქმედება, ხსენებული ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელებასთან დაკავშირებული ყველა გარემოების გარკვევამდე. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება იანვრის შუა რიცხვებში, იმ შეხვედრის შედეგების მიხედვით, რომელიც შედგება НОВАТ-ის სამხატვრო ხელმძღვანელს, ვლადიმირ კეხმანსა და ნინო ანანიაშვილს შორის“, - ნათქვამი იყო ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის ოფიციალურ ვებსაიტზე 9 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ნინო ანანიაშვილმა ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრთან თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ექსკლუზიურ ინტერვიუში მიაწოდა. ის აცხადებდა, რომ ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასს იანვრის ბოლოს უნდა შეხვედროდა. ნინო ანანიაშვილი რუსული თეატრალური დასის ხელმძღვანელობის პარალელურად, არ აპირებდა, დაეტოვებინა ქართული საბალეტო დასის ხელმძღვანელობა. ამ დროისთვის ბუნდოვანია, დარჩება თუ არა ის ქართული დასის ხელმძღვანელად.

ნინო ანანიაშვილი კრიტიკის ქარცეცხლში 2016 წლის თებერვალშიც მოექცა, როცა მან მოსკოვში თავისი პედაგოგის, გამოჩენილ ბალერინა რაისა სტრუჩკოვა-ლაფაურის საღამოს ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა. „ის ჩემი მეორე დედა იყო. მას რუს დედასაც ვეძახდი”, - აცხადებდა მაშინ ნინო ანანიაშვილი.

XS
SM
MD
LG