Accessibility links

logo-print logo-print

ჩინური ვაქცინის რბილი ძალა


ჩინური ვაქცინა საქართველოში იანვრის დასაწყისში გახდა აქტუალური, როდესაც ჯერ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ახსენა მისი გამოყენების შესაძლებლობა, შემდეგ კი ეს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უარყო და თქვა: „კატეგორიულად არ განვიხილავთ ამ ეტაპისთვის ჩინური ვაქცინის შემოტანასო“.

თუმცა, ჩინეთში შემუშავებული ვაქცინები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია განხილვის საგანი. ჩინეთის კონკურენტი სახელმწიფოები შიშობენ, რომ პეკინი პანდემიას თავისი რბილი ძალის გასაზრდელად იყენებს. ნაკლებად შეძლებულ ქვეყნებს კი სხვა ვაქცინებზე ხელი არ მიუწვდებათ და ისინი ალტერნატიულ გზებს ეძებენ - ზოგიერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა და რუსეთთან კარგ ურთიერთობაში მყოფი სახელმწიფოები რუსულ „სპუტნიკ 5-ს“ შეისყიდიან. დანარჩენი მსოფლიო - აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნები კი ჩინური ვაქცინების იმედად არიან.

რა ვიცით ჩინური ვაქცინების შესახებ

ჩინეთში ამჟამად, გამოცდის მესამე ეტაპზეა 5 ვაქცინა. ერთ მათგანს, Sinovac Biotech -ის პრეპარატ „კორონავაკს“ ჩინეთმა ივლისში მიანიჭა საგანგებო ავტორიზაცია. მას შემდეგ ამ ვაქცინით 9 მილიონი ადამიანი აიცრა.

31 დეკემბერს ჩინეთმა ზოგადი მოხმარებისთვის დაამტკიცა სახელმწიფო კომპანია „სინოფარმის“ ვაქცინა, რომლებმაც, წინასწარი შედეგებით, 79% და 86%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. “სინოფარმი” კიდევ ერთ პრეპარატზე მუშაობს, დანარჩენ ორ ვაქცინას CanSino Biologics და Anhui Zhifei Longcom ცდის.

ბრაზილიის სან პაოლოს სამედიცინო ცენტრის “თანამშრომელი "კორონავაკის" ამპულებს შეისწავლის.
ბრაზილიის სან პაოლოს სამედიცინო ცენტრის “თანამშრომელი "კორონავაკის" ამპულებს შეისწავლის.

პანდემიასთან წარმატებულმა ბრძოლამ ჩინეთს მოულოდნელი წინაღობა შეუქმნა - ვაქცინის გამოსაცდელად სხვ ქვეყნების დახმარება დასჭირდათ. საქმე იმაშია, რომ ვაქცინის გამოცდის მესამე, დასკვნით ფაზაში ათასობით, ან, ათიათასობით ადამიანს ცრიან, სხვებს კი პლაცებოს აძლევენ, შემდეგ კი ამ ჯგუფებს აკვირდებიან - ვინ დაინფიცირდება და ვინ - არა და როგორ ჩაივლის ავადმყოფობა. ჩინეთში კი, სადაც მილიარდნახევარი ადამიანი ცხოვრობს, 13 იანვარს სულ 115 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

რა აჩვენა კვლევებმა

სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევები კი ძალიან განსხვავებულ შედეგებს აჩვენებს. ბოლო ცნობებით, „სინოვაკის“ ვაქცინაზე ბრაზილიაში ჩატარებულმა ტესტირებამ, რომელშიც 12 ათასი მოხალისე მონაწილეობდა, 50.4%-იანი ეფექტურობა აჩვენა. ეს, მართალია, შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ სტანდარტს - 50%-ზე მეტ ეფექტიანობას, მაგრამ მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ვაქცინებს, რომლებმაც 70-90 პროცენტიანი შედეგი აჩვენეს.

ბრაზილიის გარდა კვლევები ჩატარდა თურქეთშიც, სადაც წინასწარი შედეგებით ვაქცინამ 91%-იანი ეფექტურობა აჩვენა და ინდონეზიაშიც, სადაც ასევე წინასწარი შედეგებით, ვაქცინის ეფექტი 78%-ია. ეს, ძალიან განსხვავებული შედეგები ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს „კორანოვაკთან“ დაკავშირებით.

რითი სჯობს ჩინური ვაქცინა

„სინოვაკის“ ვაქცინა ინაქტივირებულ ვირუსზეა დაფუძნებული და მისი შენახვა ჩვეულებრივ მაცივარშია შესაძლებელი, 2-8 გრადუსზე. „მოდერნას“ ვაქცინას -20 ცელსიუსი ჭირდება, „ფაიზერისას“ კი -70.

Pfizer-ის ვაქცინას გადაზიდვის საგანგებო პირობები სჭირდება
Pfizer-ის ვაქცინას გადაზიდვის საგანგებო პირობები სჭირდება

რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინური ვაქცინა უფრო მომხიბლავი შეიძლება იყოს განვითარებადი ქვეყნებისთვის, სადაც შეიძლება არ არსებობდეს ინფრასტრუქტურა ასეთ დაბალ ტემპერატურაზე დიდი რაოდენობით პრეპარატის შესანახად.

ამ ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია ვაქცინის ღირებულებაც, რომლის შესახებაც ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს. BBC-ს ინდონეზიურმა კომპანიამ, რომელიც ამ ვაქცინას გაავრცელებს, უთხრა, რომ ერთი ჩხვლეტის ღირებულება დაახლოებით 13 დოლარი იქნება, რაც მეტია, ვიდრე „ოქსფორდის“ ვაქცინის ფასი, მაგრამ ბევრად ნაკლებია „მოდერნაზე“.

გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნები

NPR-ის კორესპონდენტი ჩინეთში, ჯონ რავიჩი ამბობს, რომ ჩინეთი, სხვა ქვეყნებთან ურთიერთობისას ყოველთვის ორმხრივ სარგებელს უმიზნებს. ვაქცინასთან დაკავშირებით განვითარებადი ქვეყნებისთვის სარგებელი გასაგებია - ისინი პრიორიტეტულად მიიღებენ აუცილებელ პრეპარატს. ჩინეთი კი სანაცვლოდ ორი ამოცანის გადაჭრას ეცდება.

პირველი, მოკლევადიანი ამოცანა ჩინეთისთვის კორონავირუსის პანდემიის გამო შელახული იმიჯის გამოსწორებაა. გრძელვადიანად კი პეკინი გააფართოებს თავის რბილ ძალას, რომელიც ამჟამად ძირითადად ეკონომიკასა და ვაჭრობაზეა დამყარებული და მას უფრო მრავალფეროვანს გახდის.

„ფრანსპრესი“ ამას კიდევ ორ მიზანს ამატებს - ჩინური ბიოტექნოლოგიური კომპანიების რეკლამას და აზიის მიღმა გავლენის გაძლიერებას.

თუმცა, იანვრის ბოლოს დასავლურ მედიაში წერდნენ, რომ შესაძლოა ჩინეთი ზოგ ქვეყანას იმაზე მეტს დაპირდა, ვიდრე შესრულება შეუძლია. 11 იანვარს CNN წერდა, ჩინეთი აფრიკელ მოკავშირეებს ვაქცინის მილიონობით დოზას დაპირდა, მათი კვალი კი არსად ჩანს და, ჯერ-ჯერობით, არც რაიმე კონკრეტული გეგმები არსებობს მათი მიწოდებისთვისო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG