Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო ორგანიზაციები: რწმენის თავისუფლების დაცვის კუთხით მდგომარეობა გაუარესებულია


ქუჩების წყლით კურთხევა პანდემიის დროს
ქუჩების წყლით კურთხევა პანდემიის დროს

საქართველოში მომუშავე ათზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს რელიგიის თავისუფლების შეზღუდვისა და დისკრიმინაციული სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ.

სამოქალაქო პლატფორმა “არა-ფობიას!” და “კოალიცია თანასწორობისთვის” წარმომადგენელი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის კუთხით მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. სახელმწიფო არღვევს სეკულარობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს, ლახავს არადომინანტური რელიგიური ჯგუფების უფლებებს და ავლენს უთანასწორო დამოკიდებულებას განსხვავებული რელიგიური მრწამსის ადამიანების მიმართ.

არასამთავრობო სექტორის შეფასებით, ამ კუთხით, განსაკუთრებით საგანგაშოა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მუსლიმი მოქალაქეების მიმართ გამოვლენილი რელიგიური შეუწყნარებლობა და თანასწორუფლებიანობის დარღვევა; პანდემიის დროს ხელისუფლების დისკრიმინაციული პოლიტიკა რელიგიური გაერთიანებების მიერ დღესასწაულების აღნიშვნისას და ბოლო დროს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქების მხრიდან გამოვლენილი ანტისემიტური რიტორიკის უგულებელყოფა.

ორგანიზაციები სახელმწიფოს მოუწოდებენ:

  • დაიცვას ყველა მოქალაქის მიერ რელიგიისა და რწმენის თავისუფლებით სარგებლობის ფუნდამენტური უფლება, რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიეთგამიჯვნის, თანასწორუფლებიანობის პრინციპები; საშუალება მისცეს მოქალაქეებს, დაუბრკოლებლად ისარგებლონ რწმენისა და რელიგიის თავისუფლებით, მათი კონფესიური კუთვნილების მიუხედავად;
  • 12 იანვარს სოფელ ბუკნარში მომხდარი ძალადობისა და რელიგიური დევნის შემთხვევებზე უზრუნველყოს ეფექტიანი გამოძიების ჩატარება და ამასთან მიიღოს ადეკვატური ზომები ძალადობის პრევენციის მიზნით;
  • უზრუნველყოს სოფელ ბუკნარში მცხოვრები მუსლიმი თემის მიერ ღვთისმსახურების თავისუფლად და უსაფრთხოდ განხორციელება;
  • შეიმუშავოს რელიგიური კონფლიქტის ტრანსფორმაციის გრძელვადიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური პროგრამების გამოყენებით რელიგიურ თემებს შორის მშვიდობიანი, თანასწორი და სოლიდარული თანაცხოვრების პირობებსა და გარანტიებს შექმნის;
  • შეწყვიტოს რელიგიური გაერთიანებების მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება და მათ ავტონომიაში ჩარევა;
  • მკაცრად შეაფასოს და დაგმოს ანტისემიტიზმი, ამასთანავე გაავრცელოს ტოლერანტობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, დისკრიმინაციის აკრძალვის მხარდამჭერი განცხადებები.

არასამთავრობო სექტორი რწმენის თავისუფლების სფეროში ვითარების გაუარესების ილუსტრაციად ბუკნარის შემთხვევის გარდა იყენებს მართლმადიდებელი სასულიერო პირების მხრიდან ანტისემიტურ განცხადებებს და შობის დღესასწაულთან დაკავშირებით სახელმწიფოს არაერთგვაროვან მიდგომას სხვადასხვა კონფესიების მიმართ.

შობის დღესასწაულის აღნიშვნა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვებიდან გამონაკლისი სახელმწიფომ მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შობის დღესასწაულის აღსანიშნავად, 6 იანვრის ღამეს დაუშვა და არ გაითვალისწინა სხვა აღმსარებლობის მოქალაქეებისთვის რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნის შესაძლებლობა. ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, თუკი განსხვავებული კონფესიის წარმომადგენლებს სურდათ შობის დღესასწაულზე ეკლესიებში მისვლა (25 დეკემბერს), რელიგიურ ორგანიზაციებს სახელმწიფო უწყებებისთვის უნდა მიეწოდებინათ „მრევლის სია“ და ისინი „უზრუნველყოფდნენ ერთჯერად საშვს ამ ადამიანებისთვის”.

ვიცე-პრემიერის განცხადებებს წინ უსწრებდა პრემიერ-მინისტრის 14 აპრილის განცხადება აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით. გიორგი გახარიას განმარტებით, საქართველო “მართლმადიდებლური სახელმწიფოა”.

ხელისუფლების ამგვარი განცხადებები მოწმობს, რომ იგი ღიად და მიზანმიმართულად ზღუდავს რელიგიის თავისუფლებას, უგულებელჰყოფს კანონის უზენაესობას, მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობასა და სახელმწიფოსა და რელიგიურ ინსტიტუტებს შორის ურთიერთგამიჯვნის კონსტიტუციურ პრინციპებს.

საეკლესიო ანტისემიტიზმი და ხელისუფლების რეაგირება

საპატრიარქოს და ხელისუფლებას დღემდე არ დაუგმიათ მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების მხრიდან ბოლო დღეების განმავლობაში გამოვლენილი საეკლესიო ანტისემიტიზმი.

2020 წლის 20 დეკემბერს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა იოანე გამრეკელმა ბაგრატის ტაძარში ქადაგებისას ანტისემიტური განცხადებები გააკეთა. ქადაგება იმეორებს ებრაელების შესახებ გავრცელებულ საშიშ რელიგიურ სტერეოტიპს, რომლის თანახმადაც მთელი ებრაელი ერი, კოლექტიურადაა პასუხისმგებელი ქრისტეს ჯვარცმის გამო და ქრისტიანთა მდევნელად წარმოჩნდება, რაც საუკუნეების განმავლობაში, ინსტიტუციური ანტისემიტიზმის ერთ-ერთი ყველაზე მყარი საფუძველი იყო. ეკლესია ამ დრომდე არ აღიარებს მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის განცხადებების პრობლემურობას. პარალელურად, სოციალურ ქსელებში არაერთი ანტისემიტური შინაარსის კომენტარი გაჩნდა, მათ შორის სხვა მართლმადიდებელი სასულიერო პირების მხრიდან (იხ. დეკანოზ ილია კარკაძის ქადაგება). არანაკლებ შემაშფოთებელი იყო ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადება, რომელმაც მიტროპოლიტ იოანე გამრეკელს საჯაროდ მხარდაჭერა გამოუცხადა და ადამიანის უფლებათა დამცველები ცილისწამებაში დაადანაშაულა.

მიმდინარე მოვლენები კრიტიკულად შეაფასეს საქართველოს სახალხო დამცველმა, დიპლომატებმა, მათ შორის ისრაელის ელჩმა საქართველოში, რან გიდორმა, ებრაულმა ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა ოპოზიციამ (ევროპული საქართველო).

ხელმომწერი ორგანიზაციები:

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

თბილისი პრაიდი

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

უფლებები საქართველო

თანასწორობის მოძრაობა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საფარი

ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG