Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩოხატაურში აქცია გრძელდება - მუსლიმები მოლაპარაკების გაგრძელებას ითხოვენ


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიასთან გრძელდება სოფელ ბუკნარში მცხოვრებ მუსლიმთა ნაწილის აქცია. ისინი მოითხოვენ, გაგრძელდეს მოლაპარაკება, რომელშიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ საპატრიარქოს წარმომადგენელი და საქართველოს მუფთი.

აქციის მონაწილემ, ნუგზარ ჭაღალიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რელიგიურ ნიადაგზე მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაწყებული კონფლიქტი მოლაპარაკების შედეგად, 13 იანვრის საღამოსთვის ამოწურული იყო, თუმცა, საქმე უკვე ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევამდე იყო მისული, როცა სოციალური ქსელებით ისევ დაიწყო შეურაცხმყოფელი პოსტების გამოქვეყნება.

„მოვითხოვთ, რომ წერილობით დავამოწმოთ ყველა მხარემ და მივიღოთ გარანტია, რომ ჩვენ ლოცვა თავისუფლად შეგვეძლება და შეურაცხმყოფელი წამოძახებები აღარ იქნება", - ამბობს ნუგზარ ჭაღალიძე.

აქციის გამო, პოლიციაა მობილიზებული როგორც ჩოხატაურის მერიასთან, ასევე, სოფელ ბუკნარის ცენტრში.

სოფელ ბუკნარში მცხოვრები მუსლიმები და ქრისტიანები ამბობენ, რომ ერთმანეთთან პრობლემები არასდროს ჰქონიათ და ბოლოდროინდელი დაპირისპირება თავდაპირველად სოციალური ქსელებით დაიწყო.

ორივე თემის წარმომადგენლები სოფელში ვითარების დაძაბვაში გარეშე პირებს ადანაშაულებენ. მუსლიმები ამ პირებს არ აკონკრეტებენ, ქრისტიანები კი აცხადებენ, რომ სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც ბუკნარში ბათუმიდან და ხულოდან ჩავიდა რადიკალურად განწყობილი ადამიანების ჯგუფი.

სოფლის სკოლის პედაგოგის, მარიამ ხელაძის თქმით, მუსლიმები მათ მიერ შეძენილ სახლში თითქმის ერთი წელია ლოცულობენ და ამას არასდროს არანაირი გართულება არ მოჰყოლია, ვითარება კი ცოტა ხნის წინ დაიძაბა, მას შემდეგ, რაც სოფელში გაავრცელეს ჭორი მინარეთის მშენებლობის შესახებ.

პედაგოგი ამბობს, რომ სოფელში მცხოვრებ მუსლიმებს და ქრისტიანებს ერთმანეთთან ყოველთვის განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ერთმანეთის სისხლი და ხორცი არიან და შერიგება არც უნდა სჭირდებოდეთ, თუმცა, ამისთვისაც მზად არიან. მარიამ ხელაძის თანახმად, მუსლიმებს ლოცვას არავინ უშლიდა და არც მომავალში დაუშლის და ერთადერთი, რაც ადგილობრივ ქრისტიანებს არ სურთ, მინარეთის აშენებაა.

თავის მხრივ, მუსლიმი თემის წარმომადგენლები უარყოფენ, რომ სოფელში მინარეთის მშენებლობა იგეგმება.

შერიგების აუცილებლობაზე ლაპარაკობს ბუკნარელი პედაგოგი, მუსლიმი თემის წარმომადგენელი შუშანა კონცელიძეც. მისი თქმით, ერთადერთი, რასაც ითხოვენ, მუსლიმებმა პარასკევის ლოცვა მშვიდად აღავლინონ თემის მიერ შეძენილ სახლში: "ერთი ქვეყნის, ერთი მიწის, ერთი სისხლის შვილები ვართ... რატომ უნდა მომხდარიყო ასეთი განხეთქილება?! ჩვენ საქართველოს ახლა მაგი უნდა, ისედაც იმდენი პრობლემაა?!"

ბუკნარში 216 ოჯახი ცხოვრობს. უმეტესობა გურიის ამ სოფელში სხვადასხვა დროს აჭარიდან გადასახლდა.

მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა დაახლოებით ერთი წლის წინ სოფელში შეიძინეს კერძო სახლი, რომელსაც საკულტო ნაგებობად და სალოცავად იყენებენ.

სახლი სოფელ ბუკნარში, სადაც ადგილობრივი მუსლიმები ლოცულობენ
სახლი სოფელ ბუკნარში, სადაც ადგილობრივი მუსლიმები ლოცულობენ

მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის უთანხმოება მას შემდეგ გამწვავდა, რაც 12 იანვარს, სოფლის მცხოვრებმა ქრისტიანმა ახალგაზრდა კაცმა თავის არეში ქვით მიაყენა დაზიანებები ორ თანასოფლელ მუსლიმ ახალგაზრდას. ეს პირი დაკავებულია.

რამდენიმე დღეა ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობით მიმდინარეობს ორივე თემის წარმომადგენელთა მოლაპარაკება. დღეს გურიაში ჩავიდა საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG