Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები კორონავირუსის წარმოშობის გამოსაკვლევად უჰანში ჩავიდნენ


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მისიის 13 წევრი 14 იანვარს ჩავიდნენ ჩინეთში, ქალაქ უჰანში, რათა ჩაატარონ კვლევა ახალი კორონავირუსის წარმოშობის და მისგან გამოწვეული ინფექციის, კოვიდ-19-ის ეპიდემიის დაწყების შესაძლო მიზეზების შესახებ.

ჯგუფში შედიან ექსპერტები აშშ-დან, ავსტრალიიდან, გერმანიიდან, იაპონიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, რუსეთიდან, ნიდერლანდიდან, კატარიდან და ვიეტნამიდან.

ჯგუფის ორი წევრი სინგაპურში დარჩა, რადგან მათ ტესტი ჩაუტარეს და სისხლის ანტისხეულები აღმოუჩინეს. უჰანში ჩასულ სპეციალისტებს თავიდან კარანტინში ამყოფებენ და მასპინძლებთან მათ რადიოკავშირი აქვთ. სულ ისინი ჩინეთში დაჰყოფენ ერთ თვეს.

ჩინეთის ხელისუფლებამ ექსპერტებს ქვეყანაში ჩასვლის ნებართვა მისცა ჯანდაცვის ორგანიზაციის დაჟინებით მოთხოვნის შემდეგ. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მათი ჩინეთში ჩასვლის მიზანია დაადგინონ, როგორ დაიწყო ვირუსმა ადამიანიდან ადამიანზე გავრცელება. შეძლებისდაგვარად ისინი გაანალიზებენ პირველ ამგვარ შემხვევებს, რომლებიც 2019 წლის დეკემბერში აღირიცხა.

ახალი ინფექციის შესახებ პირველი ცნობები გავრცელდა უჰანიდან და ეს ქალაქი იყო პირველი, რომელიც დაიხურა ინფექციის შემთხვევების დიდი რაოდენობის გამო. მაგრამ ვირუსი გავრცელდა ჯერ ჩინეთში და შემდეგ უცხოეთის ქვეყნებში. 2020 წლის მარტიდან გამოცხადდა პანდემია, რომელიც დღემდე გრძელდება.

ბოლო კვირებში შემთხვევათა რიცხვი კვლავ ძალიან მაღალია. სულ ერთი წლის განმავლობაში მსოფლიოში ინფექცია შეეყარა 90 მილიონ ადამიანს, თითქმის 2 მილიონი დაიღუპა.

მაგრამ საკუთრივ ჩინეთში პირველი აფეთქების ჩახშობის შემდეგ, რაოდენობა შემცირდა სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით და იქ არ ყოფილა ეგრეთწოდებული „მეორე ტალღა“.

კორონავირუსის წარმოშობის სხვადასხვა თეორია არსებობს. ექსპერტების უმეტესობა თვლის, რომ ადამიანებზე გავრცელდა დაუდგენელი მიზეზით კორონავირუსი, რომელიც ღამურების ორგანიზმში არსებობს. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ის გაიჟონა უჰანის ლაბორატორიიდან, რომ ის ხელოვნურადაა შექმნილი. ჩინეთი ამ ვერსიას უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG