Accessibility links

site logo site logo

ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე ამერიკის ჰიმნს ლედი გაგა შეასრულებს


ჯო ბაიდენი და ლედი გაგა

აშშ-ის პრეზიდენტის საინაუგურაციო კომიტეტმა გამოქვეყნა ჯო ბაიდენის ფიცის დადების ცერემონიის ანონსი.

ინაუგურაციაზე ამერიკის ჰიმნს ლედი გაგა შეასრულებს. მუსიკალური სოლო პროგრამით წარდგება ჯენიფერ ლოპესი. ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ ჯორჯიის შტატის სახანძრო-სამაშველო სამსახურის კაპიტანი, აფროამერიკელი ანდრეა ჰოლი, ახალგაზრდული პოეტური პრემიის ლაურეატი ამანდა გორმანი, კათოლიკე მღვდელი ლეო ო’ დონოვანი და აფროამერიკელი პასტორი სილვესტერ ბიმანი.

საინაუგურაციო კომიტეტის განცხადებით, ეს ადამიანები მკაფიოდ გამოხატავენ აშშ-ის გრანდიოზულ მრავალფეროვნებას და ასახავენ არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის რწმენას, რომ ქვეყნის ისტორიაში იწყება ახალი თავი და ღრმა უთანხმოების და პრობლემების ერთობლივად დაძლევის ეტაპი.

ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. აშშ-ის დემოკრატი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ფიცს დადებენ კაპიტოლიუმის დასავლეთ ფასადთან. ცერემონიას მაყურებლები არ დაესწრებიან.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, ტრადიციის დარღვევას აპირებს და ინაუგურაციაზე მისვლას არ გეგმავს.

ინაუგურაციის გამო, ვაშინგტონში მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები. 6 იანვარს, კაპიტოლიუმის შენობაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მომხრეთა შეჭრის შემდეგ, კაპიტოლიუმს იცავს რამდენიმე ათასი გვარდიელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG