Accessibility links

site logo site logo

სოფელ ბუკნარში სიტყვიერი დაპირისპირების მონაწილე პოლიციამ სიტუაციას განარიდა


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ოზურგეთის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბესო ქათამაძე და „ქართული ოცნების“ გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე.

ბესო ქათამაძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გასცემდნენ ცრუ დაპირებას, რომ ადგილობრივ მუსლიმურ თემს მეჩეთის მშენებლობა შეეძლებოდა, რამაც ამჟამად სოფელში არსებული დაძაბულობა განაპირობა.

„რატომ აკეთებთ ასეთ რამეს და უპირისპირებთ ხალხს ერთმანეთს, ბოდიში უნდა მოუხადოთ ხალხს თქვენ მაგისთვის პირადად“, - მიმართა ბესო ქათამაძემ „ქართული ოცნების“ გურიის მაჟორიტარ დეპუტატს ვასილ ჩიგოგიძეს.

მან ქათამაძეს სიტყვა შეაწყვეტინა და უთხრა, რომ არ ესწავლება, ხალხს როგორ ელაპარაკოს.

„ნუ მასწავლი, ხალხს როგორ ველაპარაკო, ნუ დემაგოგობ, მე რას დავპირდი?“, - მიმართა ჩიგოგიძემ ქათამაძეს და სახეზე ხელით შეეხო.

ადგილზე შეკრებილი ხალხის ნაწილმა ქათამაძეს პროვოკატორი უწოდა და მისი წასვლა მოითხოვა.

ბესო ქათამაძე სიტუაციას სამართალდამცველებმა განარიდეს.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მუსლიმი თემის წარმომადგენელთა საპროტესტო აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც 12 იანვარს, სოფელ ბუკნარის მცხოვრებმა ქრისტიანმა ახალგაზრდა კაცმა თავის არეში ქვით მიაყენა დაზიანებები ორ თანასოფლელ მუსლიმ ახალგაზრდას. ეს პირი დაკავებულია.

ბუკნარში მცხოვრებმა მუსლიმებმა დაახლოებით ერთი წლის წინ, სოფელში შეიძინეს კერძო სახლი, რომელსაც საკულტო ნაგებობად და სალოცავად იყენებენ. ორ თემს შორის უთანხმოება ცოტა ხნის წინ წარმოიშვა, როცა სოფელში გავრცელდა ხმები მინარეთის შესაძლო მშენებლობის შესახებ.

შექმნილი ვითარების მოსაგვარებლად მოლაპარაკება დღეს უნდა გაგრძელდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG