Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნების" თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს ირაკლი კობახიძე


მმართველი პარტიის თავმჯდომარედ "ქართული ოცნების" ყრილობაზე ერთხმად აირჩიეს ირაკლი კობახიძე. თავისი სიტყვა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილის მიმართ მადლობის სიტყვით დაიწყო.

"ბატონ ბიძინა ივანიშვილს მინდა მადლობა გადავუხადო 2014 წლიდან პირადად ჩემთვის გამოცხადებული ნდობისთვის", - თქვა მან.

პარტიისთვის ახალი თავმჯდომარის არჩევა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ გააკეთა განცხადება. პარტიის ყრილობა სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს, სადაც 9 ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული კანონდარღვევის გამო.

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება 11 იანვარს მეორედ მიიღო და ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც მედიაზე, ოპოზიციასა და "ქართული ოცნების" მიღწევებზე საუბრობს.

საქართველოს უმდიდრესმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 2012 წლის აპრილში შექმნა. იმავე წლის ოქტომბრის არჩევნებში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ხელისუფლებაში მოვიდა.

2012-2013 წლებში ბიძინა ივანიშვილი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2013 ნოემბერში განაცხადა, რომ პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში მიდიოდა. ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის შესახებ მუდმივი განცხადებების ფონზე, პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა 2018 წელს და ისევ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გახდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG