Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთში დაიწყო COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრები, სამხრეთ ამერიკის ქვეყნები რუსულ ვაქცინას მიიღებენ


ინდოეთში დაიწყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ვაქცინაციის პროგრამა კორონავირუსის წინააღმდეგ - იმ ფონზე, როცა ძლიერდება იმუნიზაციის პროგრამების დაჩქარების ძალისხმევა, განსაკუთრებით ღარიბ ქვეყნებში. ინდოეთი კამპანიას იწყებს 30 მილიონი ექიმის, ექთნის და სამედიცინო სფეროს სხვა მუშაკების აცრით, ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა თითქმის 1,4 მილიარდ ადამიანს უტოლდება.

სამხრეთ ამერიკის ბევრი ქვეყანა რუსეთის მიერ წარმოებულ, Sputnik V ვაქცინას იღებს იმუნიზაციის პროგრამებისთვის. არგენტინამ ამ პრეპარატის მეორე პარტია 16 იანვარს მიიღო, რომლითაც იქ დეკემბერში დაწყებულ კამპანიას გააგრძელებენ და ჯანდაცვის სფეროს მუშაკებს მეორე ინექციას გაუკეთებენ.

მიმდინარე კვირაში პარაგვაი გახდა რუსეთს გარეთ მერვე ქვეყანა, რომელმაც Sputnik V ვაქცინის გამოყენებაზე ნებართვა გასცა. სხვა ქვეყნებს შორის, რომლებმაც ამ პრეპარატის სასწრაფო წესით გამოყენება დაუშვეს, არიან ბოლივია, ვენესუელა, ალჟირი და სერბეთი.

Sputnik V-ის ბრაზილიაში გამოყენების გეგმას 16 იანვარს სირთულე შეხვდა, რადგან ქვეყნის ჯანდაცვის მარეგულირებელმა ორგანომ უარყო ფარმაცევტული კომპანიის მიერ შეტანილი დოკუმენტები, რომლითაც ამ პრეპარატის 10 მილიონი დოზის გამოყენება უნდა დაშვებულიყო. უწყების განცხადებით, კომპანიის მიმართვის დოკუმენტაციაში არ იყო ადეკვატურად ასახული პრეპარატის გამოცდის მესამე ფაზის შედეგი და, ამასთან, არსებობდა გარკვეული კითხვები პრეპარატის წარმოებასთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG