Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მესაკუთრე: გაგვაფრთხილეს, ბაკურიანში სახლის გაქირავების უფლება არ გაქვთო


ნინოს ბაკურიანში სამსართულიანი სახლი აქვს, რომელსაც დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, პირადი მოხმარების გარდა, ტურისტებზეც აქირავებს. თუმცა რამდენიმე კვირაა სახლი ვიზიტორებისთვის დაკეტა, მას შემდეგ, რაც გაფრთხილება მიიღო.

ნინო - რომელიც საკუთარი ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს - რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ახალი წლების შემდეგ ოთახებს აღარ აქირავებს. ამის მიზეზი კი, მისივე თქმით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის გაფრთხილება გახდა.

„გაგვაფრთხილეს ერთხელ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა დარეკა ტელეფონზე, გვკითხა გვქონდა თუ არა ინფორმაცია. უბრალოდ გვითხრეს, რომ არ გვქონდა უფლება გაქირავების. მხოლოდ ეს იყო“, - ამბობს ნინო.

მისივე თქმით, მოქმედი რეგულაციები მას, როგორც სახლის მესაკუთრეს, არ ეხება და შეეძლო გაეგრძელებინა გაქირავება, თუმცა თავი შეიკავა:

„ჩვენი არის სახლი - ეს არ არის არც კოტეჯი, არც აპარტამენტი და არც სასტუმრო - არის სახლი, რომელსაც აქვს ბევრი ოთახი და არის ჩემი საკუთრება. კანონში ზუსტად არ წერია, რომ ასეთი სახის მეპატრონეებს ეკრძალებათ. შეგვეძლო, რომ გაგვეგრძელებინა გაქირავება, მაგრამ მაინც შევიკავეთ თავი“.

17 იანვარს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაკურიანში საოჯახო სასტუმროების მფლობელებს სტუმრების მიღება აუკრძალეს. მათ, „ფორმულას“ ინფორმაციით, ასევე შეატყობინეს, რომ დააჯარიმებენ, თუ სტუმრები დღეს, 17 იანვრის ბოლომდე დაქირავებულ ბინებს დაცლიან„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, პანდემიის მიუხედავად, ბაკურიანში დამსვენებლების სიმრავლეა.

ნინოს ინფორმაციით, ბაკურიანში სათხილამურო ტრასებისა და საბაგიროების გარდა, დაკეტეს საციგაო ტრასები და პარკები, შეზღუდეს ბურანების გაქირევება.

„ძალიან ცუდია, იმიტომ, რომ ყველას დიდი პრობლემები გვექმნება ამით. მაგრამ ამ ეტაპზე, ის თანხაც არ მოგროვდება, რომ ჯარიმა გადავიხადოთ. ამიტომ არ გვიღირს“, - ამბობს ნინო და განაგრძობს: „ბაკურიანში იმხელა ტყეა, არავის აქვს სურვილი, რომ იქ ვიღაცასთან კონტაქტი ჰქონდეს. ბავშვები ბაკურიანის დაქცეულ პარკში რომ არ წაიყვანო, როგორმე წაიყვან სხვაგან“.

თამარ ჭანკოტაძისთვის პირადად არაფერი არაფერი უთქვამთ. ის 150 მეზობელთან საერთო ჩატიდან იღებს დაუზუსტებელ ცნობებს, თითქოს არ შეიძლება აპარტამენტის გაქირავება.

„გუშინ გავიგეთ, რომ დადიან ბაკურიანში და აჯარიმებენ ხალხს თუ გაქირავებულია ბინა. იმასაც იძახიან, რომ შეიძლება შევიდნენ სახლებში დაუკითხავად. მეტიც არ მინდა შევიდნენ ჩემს ბინაში ჩემს დაუკითხავად. ასეთი ლაპარაკიც იყო, თითქოს ჩვენ ოჯახის წევრების მიღებაც არ შეგვიძლია“, - ამბობს თამარი.

მისივე თქმით, დეკემბერში მან 300 ლარიანი დახმარების მისაღებად მიმართა სახელმწიფოს, თუმცა უთხრეს, რომ მისი ბიზნესი არ იბეგრება და დახმარებაც არ ეკუთვნოდა:

„შენ კერძო მფლობელობაში გაქვს ბაკურიანის აპარტამენტი და ამიტომ არ გეკრძალება მუშაობაო“, - ამბობს თამარი და განაგრძობს: „კიბატონო ერთი გადავადება სესხი გადამივადეს, მაგრამ ბოლოს რომ მივედი, 147 000-დან 213 000-მდე ამივიდა სესხი. ლარის გაუფასურებამ და გადავადებამ ასეთ დღეში ჩაგვაგდო. რამდენი წელიწადი უნდა ვიმუშავო, რომ ეს თანხა გადავიხადო?!“

უნდა ჩაკეტილიყო თუ არა სეზონის გახსნის წინ კურორტი – ნახეთ „სამხრეთის კარიბჭის“ გამოკითხვა


რა შეზღუდვები მოქმედებს ბაკურიანში და სხვა სათხილამურო კურორტებზე (გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში):

  • სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად;
  • არ მუშაობს სათხილამურო ტრასები და სათხილამურო საბაგიროები;
  • სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;
  • ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;
  • სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადასული არიან დისტანციურ რეჟიმზე;
  • კერძო და საჯარო საბავშვო ბაღებს შეჩერებული აქვთ მუშაობა.
  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG