Accessibility links

logo-print logo-print

როცა ნავალნი რუსეთში ბრუნდება, მას კი იჭერენ


ხუთთვიანი მკურნალობის შემდეგ (მოწამვლას ის ვლადიმირ პუტინს აბრალებს) კრემლის მოწინააღმდეგე ალექსეი ნავალნი გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა. მისი ჩამოსვლის პროცესს ფონად გასდევდა კომენტარები სოციალურ მედიაში.

სოციალური თეზისი N1: „მთავარი იარაღი გამბედაობაა“, დაწერა ტვიტერზე ჟურნალისტმა და კომენტატორმა ლეონიდ ბერშიდსკიმ. „პუტინი ვერ გაიმარჯვებს. უბრალოდ, ბევრი დრო უნდა, რომ დამარცხდეს“.

სოციალური თეზისი №2: „კრემლში პამპერსების მარაგი ამოეწურათ“.

კარიკატურაზე, რომელიც Telegram-ში დაიბეჭდა, გამოსახულია პოლიციის მანქანა ტრაპით. ნახატი ირონიულად მიანიშნებს, რომ რუსეთში ჩამოსულ ნავალნის პირდაპირ თვითმფრინავიდან წაიყვანდნენ. რეალობა, მართლაც, თითქმის ასეთი იყო.

მას შემდეგ, რაც ავიაკომპანია „პობედის“ თვითმფრინავიდან ჩამოვიდა, რომელიც მანამდე ერთი აეროპორტიდან მეორისკენ გადაამისამართეს, ნავალნიმ ტერმინალს მიაშურა, იქ კი პოლიციელებმა ის მანამდე დააკავეს, სანამ საპასპორტო კონტროლს გაივლიდა და საზღვარს გადაკვეთდა. არც ადვოკატს და არც მეუღლეს უფლება არ მისცეს თან გაჰყოლოდნენ.

ნავალნი - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ანტიკორუფციული კამპანიის მონაწილე, ადვოკატი, რომელიც, უკვე ათი წელია, პუტინის გამორჩეული ოპონენტია. მას აეკრძალა 2018 წლის არჩევნებში პუტინისთვის მეტოქეობა გაეწია. მიზეზი სისხლის სამართლის ბრალდებები იყო, რომლებიც, მისივე თქმით, შეიკერა.

სოციალურ მედიაში ძირითადად კრემლის მოწინააღმდეგეები წერდნენ. ისინი აქებდნენ ნავალნის იმის გამო, რომ არჩია შინ დაბრუნებულიყო, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, მის მიმართ წაყენებული ბრალდებებიდან გამომდინარე, დაპატიმება ემუქრებოდა. ამ ბრალდებებს, რომელთა გამოც მას ათ წლამდე ციხე ელის, ნავალნი თავადაც უარყოფს და არც მისი მხარდამჭერები ეთანხმებიან.

„ნავალნის მშობლებს დავურეკე და ვუთხარი, გამორჩეული შვილი გყავთ-მეთქი; რუსეთის ღირსეული მოქალაქე, მამაცი და წესიერი“ , - დაწერა ევგენი როიზმანმა ტვიტერში. ის ოპოზიციონერია, 2013-1018 წლებში ეკატერინბურგის მერი იყო.

ნავალნის გამბედაობის პარალელურად აღნიშნავდნენ პუტინის საპირისპირო თვისებებს, მიუთითებდნენ რა, რომ ნავალნის თვითმფრინავმა მიმართულება შეიცვალა, ვნუკოვოს აეროპორტში დაცვა გაძლიერებული იყო, პოლიციელებმა კი მხარდამჭერები ნავალნისთან ახლოს არ მიუშვეს. „კრემლში პამპერსების მარაგი ამოეწურათ, სუნი იგრძნობა“, - წერს ლევ შლოსბერგი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.

სემ გრინმა, რომელიც ლონდონის სამეფო კოლეჯთან არსებული რუსული ინსტიტუტის დირექტორია, ნავალნის ჩამოსვლამდე განაცხადა: „თუ ხელისუფლებაში ჭკუა აქვთ, ნავალნის საშუალებას მისცემენ მშვიდობიანად დატოვოს აეროპოტი, - მისი დაპატიმრება მოგვიანებითაც შეეძლებათ. თან ეს ალიაქოთიც სასაცილო გამოჩნდებოდა“.

მაგრამ ასე მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ დეკემბერში ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე პუტინმა განაცხადა, ნავალნი არ არის კრემლისთვის იმდენად მნიშვნელოვანი ფიგურა, რომ სახელმწიფომ მისი მოწამვლა სცადოსო. „ვის რაში სჭირდება“? - დასძინა მან.

კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ პუტინი ბევრს ფიქრობს ნავალნიზე, არის ის, რომ ისიც და მისი სპიკერი დმიტრი პესკოვიც თავს არიდებენ ნავალნის სახელის ხსენებას, მოიხსენიებენ რა როგორც ბლოგერს ან როგორც ბერლინელ პაციენტს.

როგორც ჩანს, პესკოვს ამჯერადაც სურდა ეჩვენებინა, რომ კრემლი ნავალნის თვალყურს არ ადევნებს. მისი ჩამოსვლიდან მალევე მედიაგამოცემა „დოჟდმა“ გამოაქვეყნა პესკოვის სიტვები: „ძალიან ვწუხვარ, გერმანიაში დააკავეს? არაფერი ვიცი“.

ტვიტერზე პოსტი დადო სარა ჰუსტმა, რომელიც „ახალი ამბების“ პლატფორმას, X Soviet -ს, კურირებს: „შესაძლოა არ მოგწონდეთ ნავალნი, მაგრამ დიდი არჩევანი არ გაქვთ მიმზიდველ რუს ოპოზიციონერებში, სხვები მკვდრები არიან“.

მწერალმა ბორის აკუნინმა კი დაწერა: „მოკლედ და უემოციოდ რომ ვთქვა, შთაბეჭდილება მრჩება, რომ ალექსეი ნავალნი პუტინის რეჟიმს ებრძვის და ამ მიზნით საკუთარ თავს იმეტებს“.

ხოლო ლეონიდ ბერშიდსკი, რუსი ჟურნალისტი და კომენტატორი, მიიჩნევს, რომ ნავალნის ჩამოსვლა არის ერთი ნაბიჯი პროცესისა, რომელსაც დრო დასჭირდება.

„მთავარი იარაღი გამბედაობაა. პუტინი ვერ გაიმარჯვებს. უბრალოდ, ბევრი დრო უნდა, რომ დამარცხდეს“.

დაწერეთ კომენტარი

შეიძლება დაგაინტერესოთ

XS
SM
MD
LG