Accessibility links

site logo site logo

30-დღიანი პატიმრობის შეფარდების შემდეგ, ნავალნი რუსეთის მოქალაქეებს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებს


ალექსეი ნავალნიმ რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა, ქუჩაში გავიდნენ პროტესტის გამოხატვის მიზნით, მას შემდეგ, რაც მოსკოვის გარეთ სახელდახელოდ მოწყობილ ოთახში მოსამართლემ მას 30 დღით მიუსაჯა პატიმრობა. ერთი დღით ადრე, 17 იანვარს, ნავალნი გერმანიიდან ჩაფრინდა მოსკოვში და ის აეროპორტშივე დააკავეს.

18 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე, რომელსაც ნავალნიმ "სამართლის დაცინვა" უწოდა, მოსამართლემ გამოიტანა განაჩენი, რომ ის პატიმრობაში უნდა დარჩეს 15 თებერვლამდე - სანამ სხვა სასამართლო გადაწყვეტდეს, შეცვალოს თუ არა ციხით მისი პირობითი პატიმრობა, რომელიც ნავალნის სხვა საქმეზე მიესაჯა. თავად ნავალნი იმ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

"არ შეგეშინდეთ, გადით ქუჩებში. ჩემთვის არ გახვიდეთ - გადით თქვენი თავისთვის და თქვენი მომავლისთვის", - ამბობს ნავალნი იუტუბით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში 18 იანვარს.

პოლიციამ 44 წლის ნავალნი შერემეტიევოს აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის პუნქტზე დააკავა მას შემდეგ, რაც ის იქ ბერლინიდან ჩაფრინდა, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა აგვისტოში მოწამვლის მერე. ნავალნი თავის მოწამვლაში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სდებს ბრალს.

ნავალნის პატიმრობა დაგმო საერთაშორისო თანამეგობრობამ, არის მოწოდებები მისი დაუყოვნებელი გათავისუფლებისკენ.

ნავალნის თანაშემწეები ამბობენ, რომ მას ადვოკატის დახმარების საშუალება არ მისცეს და სხდომის შესახებ ბოლო წუთებში შეატყობინეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG