Accessibility links

site logo site logo

WHO: ვაქცინის სამართლიანად განაწილების პერსპექტივა საფრთხის ქვეშ დადგა


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის(WHO) ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა განაცხადა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გავრცელების მხრივ, მსოფლიო კატასტროფული მორალური წარუმატებლობის წინაშეა და ამის საფასური იქნება ღარიბი ქვეყნების მცხოვრებთა სიცოცხლე და საარსებო წყაროები.

ღებრეიესუსის ინფორმაციით, 39 მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინა უკვე მიიღო მაღალი შემოსავლების მქონე 49 სახელმწიფომ, მაშინ როცა მხოლოდ 25 დოზა ერგო ერთ-ერთ ღარიბ ქვეყანას.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანახმად, "კოვაქს პლატფორმის" მეშვეობით ვაქცინის სამართლიანად განაწილების პერსპექტივა სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგა, რადგან ზოგიერთი ქვეყანა და კომპანია უპირატესობას ანიჭებს "კოვაქსის" გვერდის ავლით, ორმხრივ გარიგებებს. ღებრეიესუსის ინფორმაციით, შარშან 44 ასეთი შეთანხმება გაფორმდა, ამ წლის დასაწყისიდან კი უკვე 12.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი შიშობს, რომ მსგავსი ქმედებები შეაფერხებს „კოვაქსისთვის" ვაქცინების მიწოდებას, პირველ ყოვლისა საფრთხის ქვეშ დააყენებს ღარიბ ქვეყნებს და საერთო ჯამში, ხელს შეუწყობს პანდემიის გახანგრძლივებას. ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა მსოფლიოს სახელმწიფოებს მოუწოდა, არ გაიმეორონ თავის დროზე H1N1-ის და შიდსის პანდემიების დროს დაშვებული შეცდომები.

„კოვაქს პლატფორმა” მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ბაზაზე შექმნილი მექანიზმია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნებისთვის ვაქცინის თანაბარი ხელმისაწვდომობა.

საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას „კოვაქსის“ მეშვეობით ელოდება. ამასთან, საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება მოლაპარაკებები ერთდროულად რამდენიმე მწარმოებელთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG