Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია გაჩეჩილაძის თქმით, "იპოდრომის აქცია" 2008 წელს მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით დაშალა


გია გაჩეჩილაძე, რომელიც წლების წინ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იყო, ამბობს, რომ 2008 წლის იანვარში "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ გამართული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქცია, მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდთან შეთანხმების შედეგად დაშალა.

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო მოსახლეობა და პოლიტიკოსები თბილისში იპოდრომის ტერიტორიაზე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტად ინაუგურაციის პარალელურად შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები მიიჩნევდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა და მეორე ტური უნდა გამართულიყო გია გაჩეჩილაძის ძმასა (ლევან გაჩეჩილაძე) და მიხეილ სააკაშვილს შორის.

"მომინახეს მეგობარი, რომელმაც ძალიან მთხოვა, რომ ავსულიყავი შავნაბადაზე სააკაშვილთან შესახვედრად. ავედით სააკაშვილთან მე და ბიძინა გეგიძე. რო ავედით, ისხდნენ სააკაშვილი, გივი თარგამაძე, ნიკა რურუა და ა.შ. მთხოვდა, რა გავაკეთო, ოღონდ, ახლა შენ გაჩერდიო, პირდაპირ სიტყვებს გეუბნები, მეტს აღარ ვიზამო, რაც მოხდა, მასეთი აღარ ვიქნებიო. მე ვუთხარი, არ გიჯერებ-მეთქი, მომეცი მთელ საქართველოზე სიხშირე-მეთქი, ტელევიზია გამაკეთებინე-მეთქი და კი, ბატონოო, წაიღეო, როგორც კი ეს ამბავი [დასრულდებაო]. უბრალოდ, კენია ხო არ ვართო, მილიონი სტუმარი ჩამოდის ინაუგურაციაზეო, ავტეხოთ ახლა სისხლისღვრა, ხო იცი, შეგვიძლიაო და ისეო, რომ თან არავინ გააშუქებსო. კარგი, მომეცი-მეთქი [სიხშირე], სხვა რა გზა მქონდა. გამორიცხული იყო, რომ ის ხალხი სისხლის ღვრაზე წამეყვანა და წაგვეყვანა... ინაუგურაცია ჩაატარა თუ არა, გადამაგდო მეორე დღესვე", - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.

"ნაციონალური მოძრაობის" ახლანდელი თავმჯდომარე, ნიკა მელია, რომელიც მაშინ პოლიტიკაში არ იყო, აცხადებს, რომ გაჩეჩილაძის ნათქვამი იმის მაგალითია, როგორ არ უნდა მოექცეს პოლიტიკოსი ხალხს.

"როდესაც, ერთი მხრივ, ხალხს ეპატიჟები ქუჩაში და, მეორე მხრივ, ხვდები ხელისუფლებას და ურიგდები... ადამიანმა, რომელმაც ეს იკადრა, არანაირი მორალური უფლება არ აქვს, აკრიტიკოს ოპოზიცია", - თქვა "TV პირველთან" საუბრის დროს ნიკა მელიამ.

მაშინ აქციაზე სიტყვით გამომსვლელებს შორის იყვნენ: ახლა უკვე მოქმედი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი; "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, ეკა ბესელია და "ქართული ოცნების" კოალიციის ყოფილი წევრი, ზვიად ძიძიგური.

"არანაირი გარიგება და მოლაპარაკება ხელისუფლებასთან", - ამბობდა აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს ეკა ბესელია, რომელიც ახლა აცხადებს, რომ გაჩეჩილაძესა და სააკაშვილს შორის შემდგარი საუბრის შესახებ მოგვიანებით გაიგო, აქციის დაშლის შესახებ განცხადება კი მისთვის მოულოდნელი იყო.

წინა ხელისუფლების დროს ოპოზიციურ ტელემაუწყებლებს არაერთი პრობლემა შეექმნათ. მათ არ აძლევდნენ თბილისისა და საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობის უფლებას. მათი ყურება მხოლოდ საკაბელო ტელევიზიებისა და სატელიტური თეფშების საშუალებით შეეძლოთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG