Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იენს სტოლტენბერგს ოკუპირებული აფხაზეთიდან მოუწოდეს, ნუ ყოფს ქვეყნებს "თავისიანებად და უცხოებად"


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატოს მოუწოდებს, შეწყვიტოს „ორმაგი სტანდარტის პრაქტიკა და რეგიონის ქვეყნების თავისიანებად და უცხოებად დაყოფა“.

ასე გამოეხმაურნენ სოხუმში, ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის კომენტარს, რომელიც შეეხებოდა რუსეთის მცდელობას, ხელი შეუშალოს საქართველოსა და უკრაინას, გახდნენ ნატოს წევრები. იენს სტოლტენბერგმა განაცხადა რომ „თითქმის პროვოკაციაა” სუვერენული სახელმწიფოს მიერ საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლების ეჭვქვეშ დაყენება.

„სტოლტენბერგის თანახმად, ისეთი ქვეყნების სუვერენიტეტი, როგორიცაა საქართველო ან უკრაინა, ნატოსთვის წმინდაა და ალიანსის ხელმძღვანელი სიტყვიერად მზადაა დაიცვას ეს ქვეყნები ნებისმიერი, თუნდაც წარმოსახვითი ხელყოფისაგან. ნატოს ხელმძღვანელი ფიქრადაც არ უშვებს, რომ საქართველოსა და უკრაინის მიერ თავისი მომავლის განსაზღვრის უფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. ამასთან, სტოლტენბერგის ლოგიკით, არსებობენ სხვა სახელმწიფოები, რომლებიც არ ექვემდებარებიან ნატოს კრიტერიუმებს და რომლებსაც, მისი აზრით, არ აქვთ თავიანთი ბედის დამოუკიდებლად გადაწყვიტის უფლება. ეჭვგარეშეა, რომ ნატოს ხელმძღვანელი აფხაზეთის რესპუბლიკას ამ უკანასკნელ კატეგორიას მიაწერს. და სახელმწიფოს დამადასტურებელი არანაირი ობიექტური ნიშნები, მათ შორის, საერთაშორისო სამართლით გამყარებული, ასევე არც აფხაზეთის რესპუბლიკის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის ფაქტობრივი არსებობა ბოლო 25 წლის განმავლობაში, გავლენას არ ახდენს ნატოს პოლიტიზებულ პოზიციაზე“, - ნათქვამია დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.

უწყებაში მიიჩნევენ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი „ვერ ელევა ცივი ომისდროინდელ წარმოდგენებს“ და მსოფლიოს „მტრულ ბანაკებად“ ყოფს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, გუშინ, საგარეო საკითხებზე პარიზის სამეცნიერო სკოლის მიერ ორგანიზებულ ვიდეოკონფერენციაზე, შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს უფლება, საქართველოსა და უკრაინას, როგორც სუვერენულ სახელმწიფოებს, გადაუწყვიტოს, იყვნენ თუ არა ისინი ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრები.

„რუსეთს ჩარევის, დაბლოკვის და სუვერენული ქვეყნების წევრობის სურვილის შეჩერების მცდელობის უფლებაც არ აქვს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი სიტყვებით, გახდება თუ არა ქვეყანა ნატო-ს წევრი, ეს საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გადასაწყვეტია და სხვა არავისი.

„რადგან ყველაფერი დანარჩენი იქნება სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენული უფლებების ხელყოფა. რაც მათ (რუსეთის ფედერაციამ) გააკეთეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის ხელყოფით, მიუღებელია. იგივე ეხება, რა თქმა უნდა, უკრაინას - ყირიმის უკანონო ანექსია, დონბასის დესტაბილიზაცია აღმოსავლეთ უკრაინაში არღვევს იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომელთა წყალობითაც ჩვენ ვქმნით მშვიდობიან და სტაბილურ სამყაროს”, - თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG