Accessibility links

logo-print logo-print

ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ემხრობა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას


აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარდგენილი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ იგი კვლავინდებურად ემხრობა ნატოს გაფართოებას და მის რიგებში საქართველოს მიღებას.

„თუ ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, შეძლებს დააკმაყოფილოს გაწევრიანებისათვის სავალდებულო მოთხოვნები და გააგრძელებს წვლილის შეტანას საერთო უსაფრთხოებაში, დიახ, ნატოს კარი ღია უნდა დარჩეს“, - ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა 19 იანვარს, აშშ-ის სენატში გამართული მოსმენის დროს განაცხადა რესპუბლიკელი სენატორის, რენდ პოლის შეკითხვის პასუხად, ისევ უჭერს თუ არა მომავალი სახელმწიფო მდივანი მხარს ნატოს გაფართოებასა და მასში საქართველოს გაწევრიანებას.

„თუ თქვენ ამას [საქართველოს ნატოში მიღებას] წარმატებით შეძლებდით, მაშინ ახლა რუსეთთან ომში ვიქნებოდით“, - უთხრა რენდ პოლმა სახელმწიფო მდივნობის კანდიდატს მისი პასუხის მოსმენისას.

„პირიქით, სენატორო. ნატოს წევრობასთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, სინამდვილეში, თავისი მიზეზი აქვს იმას, რატომ არის რუსეთი აგრესიული ისეთი ქვეყნების მიმართ, ვინც არაა ნატოში და ნატოს ქოლგის ქვეშ და იმასაც აქვს მიზეზი, რატომ არ ესხმის თავს რუსეთი იმ ქვეყნებს, ვინც ნატოს წევრია“, - უპასუხა ენტონი ბლინკენმა რესპუბლიკელ სენატორს.

რენდ პოლმა, რომელიც სკეპტიკურად არის განწყობილი ნატოს ღია კარის პოლიტიკის მიმართ და რუსეთის გაღიზიანების წინააღმდეგია, განაგრძო, რომ საქართველოს ალიანსში მიღების შემთხვევაში, რუსეთის ოკუპაცია ნატოს მე-5 მუხლის ამოქმედებისა და ამერიკელი ჯარისკაცების საქართველოს დასაცავად გაგზავნის მიზეზი გახდებოდა.

„ჩვენ გვინახავს წარსულში, რომ ქვეყნები, რომლებიც გაწევრიანდნენ ნატოში, აღარ გამხდარან რუსეთის სამიზნე“, - განაცხადა ბლინკენმა.


ჯო ბაიდენის ამერიკის 46-ე პრეზიდენტად ინაუგურაციის ცერემონია 20 იანვარს იმართება. მის მიერ ქვეყნის პირველი დიპლომატის პოსტზე შერჩეული კანდიდატი ენტონი ბლინკენი კი, სამშაბათს, 19 იანვარს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე წარდგა და ახალი ადმინისტრაციის საგარეო პრიორიტეტებზე ისაუბრა. ბლინკენი პოსტზე სწორედ სენატმა უნდა დაამტკიცოს.

ენტონი ბლინკენი, დიდი ხანია, აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული ჯო ბაიდენის ნდობით აღჭურვილი პირია. მათ ახლო თანამშრომლობა უწევდათ 2002-2008 წლებში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში და შემდეგაც, ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს, ობამას ადმინისტრაციაში, როცა მომავალი სახელმწიფო მდივანი ვიცე-პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი იყო. 2015 წლის დაწასყისიდან 2017 წლის იანვრამდე კი სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG