Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი ციხეში მის წარმომადგენლებზე სისტემატურ თავდასხმაზე საუბრობს


საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, პენიტენციურ დაწესებულებებში ციხის ადმინისტრაციისა და "მაყურებლებისგან" მართული ჯგუფები მის წარმომადგენლებს სისტემატურად ესხმიან თავს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

"ამ უკანონო ქმედების მიზანია პატიმრებთან ჩვენი კომუნიკაციის და ციხის ტერიტორიაზე მონიტორინგის განხორციელების ხელშეშლა", - თქვა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა ციხეში შექმნილი ეს მდგომარეობა წინა ანგარიშს დაუკავშირა, რომლის მიხედვითაც პენიტენციურ დაწესებულებებში "მოჩვენებითი სიმშვიდე" ციხის "მაყურებლების" დახმარებით მიიღწეოდა:

"აღნიშნული ანგარიშის გამოქვეყნებას მოჰყვა სახალხო დამცველზე საჯარო თავდასხმები და უკანონო ქმედებები იუსტიციის მინისტრისა და პენიტენციური სამსახურის მხრიდან. რაც დასრულდა იმით, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტი არა მარტო გართულდა, არამედ უკვე საფრთხის შემცველი გახდა".

სახალხო დამცველი მათი მუშაობის გასუმჯობესებლად მიმართავს:

  • საქართველოს მთავრობას, მიიღოს მყისიერი ზომები ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის მართვის მოდელის შესაცვლელად;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრს, დაუყონებლივ დააყენოს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისა და შესაბამისი პენიტენციური დაწესებულებების დირექტორების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი;
  • საქართველოს პარლამენტს, საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმების გამოყენებით, შეისწავლოს ნახევრად ღია დაწესებულებების მართვის უკანონო მოდელი, რათა ყველა პატიმარს ჰქონდეს მათ პრობლემებზე და უფლებადარღვევებზე მიმართვის შესაძლებლობა შესაბამისი დაწესებულებებისთვის ან ორგანიზაციებისთვის;
  • საქართველოს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება სახალხო დამცველის საქმიანობის ხელშეშლისა და მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც წინადადება უკვე წარდგენილია პროკურატურაში.

პენიტენციურ სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საპასუხო განცხადებას სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გაცნობის შემდეგ გააკეთებენ.

XS
SM
MD
LG