Accessibility links

site logo site logo

დონალდ ტრამპმა თეთრი სახლი დატოვა


დონალდ ტრამპმა ვერტმფრენით დატოვა თეთრი სახლი.

აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო სადავო საპრეზიდენტო არჩევნებისა და გარდამავალი პერიოდის შემდეგ დემოკრატი ჯო ბაიდენი დღეს ადგილობრივი დროით შუადღეზე (თბილისის დროით 21 საათზე) კაპიტოლიუმის კიბეზე საპრეზიდენტო ფიცს დადებს ვაშინგტონში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების პირობებში.

როცა ის საპრეზიდენტო ფიცის დასადებად ბიბლიას აიღებს ხელში, ბაიდენი გახდება აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, ვინც ამას გააკეთებს.

ამის შემდეგ ცოტა ხანში ახალი პრეზიდენტი თეთრ სახლში შევა და შეცვლის დონალდ ტრამპს. ბაიდენი ქვეყნის 46-ე პრეზიდენტი ხდება.

152 წლის განმავლობაში პირველად, მიმავალი პრეზიდენტი არ აპირებს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებას. ცერემონიას, რომელზეც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჯონ რობერტსი ფიცს დაადებინებს ბაიდენს, დაესწრებიან აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები - ჯორჯ ბუში უმცროსი, ბილ კლინტონი და ბარაკ ობამა. კიდევ ერთმა ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯიმი კარტერმა, რომელიც 96 წლისაა, თქვა, რომ ვერ დაესწრება ინაუგურაციას.

ტრამპმა დღეს უკანასკნელად დატოვა თეთრი სახლი და ვერტმფრენით გაფრინდა ახლომდებარე სამხედრო ბაზაზე, გაცილების ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად. როცა ბაიდენი საპრეზიდენტო ფიცს დადებს, ტრამპი უკვე ჩასული იქნება თავის გოლფ-კლუბში ფლორიდაში და კერძო პირის რანგში გააგრძელებს ცხოვრებას.

ტრამპისგან განსხვავებით, ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ დაესწრება ინაუგურაციას. ასევე მოიქცევა მრავალი რესპუბლიკელი კანონმდებელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG