Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო ლიდერები ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას ულოცავენ


მსოფლიო ლიდერები ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს ულოცავენ აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობების დაკავებას.

ევროკავშირის ლიდერები თავიანთ კომენტარებში კავშირების გაუმჯობესების იმედებს გამოხატავენ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში რთული ურთიერთობების შემდეგ. ტრამპი ხშირად აკრიტიკებდა ევროპის კავშირის ქვეყნებს მათი მოქმედებებისთვის ვაჭრობის სფეროში, ასევე მისი თქმით, თავდაცვის სფეროში არასაკმარისი ხარჯებისთვის. ტრამპი ნატოს „მოძველებულ“ ორგანიზაციას უწოდებდა და, როგორც მისი ყოფილი მრჩეველი, ჯონ ბოლტონი ამბობს, ორგანიზაციიდან აშშ-ის გაყვანასაც კი აპირებდა. ნატოში აშშ-ის ყოფილი ელჩის ნიკ ბერნსის თქმით, ტრამპის რიტორიკამ და მოქმედებამ ევროპის ქვეყნებთან კონტაქტების ყველაზე სერიოზული გაუარესება გამოიწვია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

ჯო ბაიდანმა პირობა დადო, რომ კავშირებს გააუმჯობესებს ევროპელ მოკავშირეებთან და რიგი ექსპერტები მოელიან, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე ყოფნის პირველი ასი დღის განმავლობაში იმოგზაურებს ევროპაში.

„მოუთმენლად ველი ბაიდენთან და მის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობას - ჩვენი პარტნიორული ურთიერთობების გასამყარებლად და ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად კლიმატური ცვლილებებისა და კორონავირუსის პანდემიის შედეგების წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე უსაფრთხოების საკითხებში,“ განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ.

ევროპის კავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი გამოვიდა წინადადებით, შემუშავებულ იქნეს ახალი ფუძემდებლური შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ. მისი თქმით, „უფრო ძლიერი ევროპის, უფრო ძლიერი ამერიკისა და უკეთესი მსოფლიოსთვის.“

„ძლიერი ჩრდილოატლანტიკური კავშირი შეესაბამება როგორც ჩრდილოეთ ამერიკის, ისე ევროპის ინტერესებს, ვინაიდან მარტო არავის ძალუძს ჩვენ წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრა. დღეს ახალი თავის დასაწყისია და მჭიდრო თანამშრომლობის იმედი მაქვს,“ განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

ბაიდენს პრეზიდენტობა მიულოცა გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა. საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელმა გაბრიელ ატალმა „უკიდურესად მნიშვნელოვანი“ უწოდა ბაიდენის გადაწყვეტილებას, აშშ დაუბრუნოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და პარიზის შეთანხმებას კლიმატის შესახებ, საიდანაც ტრამპი გავიდა.

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების პოლიტიკოსთაგან ჯო ბაიდენს ახალი თანამდებობის დაკავება მიულოცა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. მან იმედი გამოთქვა ორ ქვეყანას შორის ალიანსის გაძლიერების შესახებ, ასევე ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის მშვიდობიანი კონტაქტების დამყარების თაობაზე, რაშიც საგრძნობ წარმატებებს მიაღწია დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ.

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ ბაიდენის ინაუგურაციის დღეს ყველაზე მწვავე კრიტიკა გამოხატა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მისამართით. „ტირანის ეპოქა დასასრულს მიუახლოვდა, დღეს მისი ბოროტი მმართველობის უკანასკნელი დღეა,“ განაცხადა როჰანიმ. ტრამპის მმართველობის პერიოდში ვაშინგტონი გავიდა ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე საერთაშორისო შეთანხმებიდან. ჯო ბაიდენი მხარს უჭერს აშშ-ის დაბრუნებას ბირთვულ შეთანხმებაში, თუკი თავად ირანი დაიცავს მის პირობებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG