Accessibility links

logo-print logo-print

სტრასბურგის სასამართლო გამოაცხადებს გადაწყვეტილებას 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა დღეს გამოაცხადებს გადაწყვეტილებას 2008 წლის აგვისტოს ომის გამო საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე. სტრასბურგის სასამართლოში სხდომა დაიწყება თბილისის დროით 14:00 საათზე.

საქართველო რუსეთს ადანაშაულებს ომის და შემდგომი ოკუპაციის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში:

სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი);

წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის, ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი);

თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი);

პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი):

სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი);

საკუთრების დაცვა (პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი);

განათლების უფლება (პირველი დამატებითი ოქმის მეორე მუხლი);

მიმოსვლის თავისუფლება (მეოთხე დამატებითი ოქმის მეორე მუხლი).

საქართველომ სტრასბურგის სასამართლოს 2008 წლის აგვისტოშივე მიმართა. 2011 წლის დეკემბერში სასამართლომ საქართველოს სარჩელი ნაწილობრივ დასაშვებად ცნო. 2016 წლის ივნისში მოწმეები და ექსპერტები დაკითხეს. საქმის ბოლო ზეპირი მოსმენა 2018 წლის მაისში შედგა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქმის არსებითი მხარის განხილვის დაწყების შემდეგ, 2013 წლის ოქტომბრიდან შესწავლილ იქნა სხვადასხვა წყაროში არსებული ფართომასშტაბიანი, კომპლექსური და დიდი ოდენობით დოკუმენტი და მტკიცებულება:

"მათი ხარისხის შეფასების შედეგად შეირჩა და სხვადასხვა დროს სტრასბურგის სასამართლოს წარედგინა 700-მდე მტკიცებულება - ვიდეო და ფოტომასალები, რადარის მონაცემები, ექსპერტების დასკვნები, სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, სეისმური სადგურის მიერ აფეთქებების დამადასტურებელი ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები, სატელიტური სურათები, მედიის მასალები, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, სატელეფონო მიყურადების ჩანაწერები, განაღმვის ანგარიშები, გორში აფეთქებული „ისკანდერის“ ნაწილები და მათზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები და სხვა".

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად დაიღუპა 400-ზე მეტი სამოქალაქო და სამხედრო პირი. ცხინვალის რეგიონიდან დევნილად იქცა 30 000-მდე ადამიანი. ომის შემდგომი ოკუპაციის პირობებში, დღემდე ირღვევა საქართველოს მოქალაქეთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის, განათლების, საკუთრების და თავისუფლად გადაადგილების უფლებები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG