Accessibility links

site logo site logo

სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას უდიდეს მიღწევას უწოდებს


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, 2008 წლის ომის საქმესთან დაკავშირებით ისტორიულს უწოდებს და უდიდეს გამარჯვებად აფასებს.

„დღეს არის ძალიან სიმბოლური დღე, რომელსაც ბრიუსელში ვხვდები, სადაც ძალიან მაღალი დონის შეხვედრები ტარდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს სწორედ სტრასბურგმა მიიღო ეს ისტორიული გადაწყვეტილება. ისტორიულია და შემთხვევითი არაფერია. ეს ხდება ჩვენი ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, 30 წლის მერე რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა და 2008 წლის ომის შემდეგ 12 წელი გავიდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირველად ისტორიაში და პირველად სხვა ქვეყნების ისტორიაშიც ხდება ის, რომ საქართველო სამართლებრივად არის გამართლებული, სახელმწიფო არის აღიარებული როგორც ამ ომის მსხვერპლი და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ისტორიისთვის და ჩვენი მომავლისთვის, იმიტომ რომ ეს არის ის საყრდენი, რაზეც ახლა უნდა ავაშენოთ ჩვენი მომავალი და ჩვენი გაერთიანება“,- აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტი მადლობას უხდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ყოფილ მინისტრს თეა წულუკიანს "რამეთუ ამ გამარჯვების ძალიან დიდი წვლილი მათ ეკუთვნით"- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის მიერ 21 იანვარს გამოცხადებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს სახელმწიფომ რუსეთის ფედერაციას მოუგო საქმე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს უკავშირდება.

სასამართლომ დააკმაყოფილა ქართული მხარის სახელმწიფოთშორის საჩივარში ჩამოთვლილი ყველა ძირითადი მოთხოვნა და დადგინა, რომ 2008 წლის აგვისტოში, საქართველოსთან შეიარაღებული კონფლიქტის დროს, რუსეთის ფედერაციამ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG