Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ გერმანიას ახალი მოთხოვნა გაუგზავნა ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით


რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ გერმანიას ახალი მოთხოვნა გაუგზავნა ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით. წინა განაცხადებზე პასუხი შეფასებულია როგორც არასაკმარისი, იტყობინება პროკურატურა.

გენერალური პროკურატურის აზრით, გერმანიის პასუხი „მომხდარის ჭეშმარიტი გარემოებების დაფარვაზე“ მეტყველებს. ადრე გერმანიის პასუხი დაიწუნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ის არ შეიცავს საგნობრივ მტკიცებულებებს, ინფორმაციას ბოთლებზე თითქოს შხამის კვალით, ტოქსიკოლოგიური დასკვნის, ბიოსინჯების ან მათი ანალიზების ასლებს.

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის აგვისტოსა და სექტემბერში გაგზავნა გერმანიაში ოთხი მოთხოვნა ალექსეი ნავალნის სავარაუდო მოწამვლასთან დაკავშირებული სამართლებრივი დახმარების თაობაზე. გფრ-ის იუსტიციის საკითხების უწყებამ 16 იანვარს უპასუხა მათ, ნავალნის რუსეთში დაბრუნებამდე ერთი დღით ადრე. გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ ახლა რუსეთის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს ოპოზიციონერზე სავარაუდო თავდასხმის გარემოებები.

2020 წლის აგვისტოში ალექსეი ნავალნიმ გონება დაკარგა თვითმფრინავში, რომელიც ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა. თვითმფრინავი ომსკში დაჯდა და ნავალნი ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს. იქიდან ის გადაიყვანეს ბერლინის კლინიკა Charite-ში. კლინიკაში ნავალნის მკურნალობდნენ სასიკვდილო საფრთხის შემცველი მოწამვლის წინააღმდეგ.

რამდენიმე დამოუკიდებელმა ლაბორატორიამ დაადგინა, რომ პოლიტიკოსი მოწამლეს რუსეთში შექმნილი საბრძოლო მომწამლავი ნივთიერება „ნოვიჩოკით“. ნავალნი და მისი მომხრეები დარწმუნებული არიან, რომ მასზე თავდასხმა რუსეთის ხელისულფებამ განახორციელა. საერთაშორისო ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ნავალნიზე თავდასხმაში შესაძლოა მონაწილეობდნენ ფსბ-ს მაღალი რანგის ოფიცრები, მათ შორის - ქიმიური იარაღის სპეციალისტები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG