Accessibility links

logo-print logo-print

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში შეხვდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერს ჟოზეპ ბორელს


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 21 იანვარს ბრიუსელში შეხვდა საგარეო ურთიერთობების სფეროში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელს.

ბორელმა ხაზი გაუსვა საქართველოს პოლიტიკური პარტიების მიერ საერთო ენის გამონახვის მნიშვნელობას მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაში.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს სჭირდება სრულად ქმედითუნარიანი წარმომადგენლობითი პარლამენტი, რომელსაც მოსახლეობის ნდობა ექნება. საუბარი იყო COVID-19-ით გამოწვეული პრობლემების გადალახვისთვის აუცილებელ ინკლუზიურ, მწვანე და მდგრად აღდგენით პროცესზე. ასევე, ევროკავშირის აზრით, საქართველომ უნდა განახორციელოს რეფორმების უფრო ფართო დღის წესრიგი, მათ შორის სასამართლო სისტემაში.

საუბრის ყურადღების ცენტრში იყო პანდემიასთან დაკავშირებული საკითხები. ბორელმა ისაუბრა ქართველი ხალხის მიმართ ევროკავშირის სოლიდარობაზე, რაც გამოიხატა 183 მილიონი ევროს მოცულობის დახმარებაში, რასაც ევროკავშირი საქართველოს გაუწევს დამცავი აღჭურვილობისთვის, ჯანდაცვის სიტემის გაძლიერებისა და სოციო-ეკონომიკური აღდგენისთვის.

ევროკავშირმა ასევე 150 მილიონი ევროს ოდენობის მაკრო-საფინანსო დახმარება იკისრა, რის ნახევარიც უკვე გადახდილია.

ჟოზეპ ბორელმა აღნიშნა ევროკავშირის მიერ ნაკისრი ვალდებულება, უზრუნველყოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ხელმისაწვდომობა, მათ შორის ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებში. საქართველომ ევროკავშირის მხრიდან დამატებითი დახმარება, კერძოდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გზით, შეიძლება გამოიყენოს ვაქცინაციის კამპანიის სათანადოდ მოსამზადებლად.

ბორელმა და ზურაბიშვილმა ასევე იმსჯელეს ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში.

როგორც ევროკავშირის პრესრელიზშია ნათქვამი, კვლავაც დიდ შეშფოთებას იწვევს ადამიანის უფლებების მდგომარეობა, ვინაიდან ხალხს არ მოეპოვება თავისუფალი გადაადგილების უფლება და სათანადო ჯანდაცვაზე წვდომა.

ევროკავშირის ლიდერმა კვლავ აღნიშნა, რომ ევროკავშირი მომხრეა საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისა და სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

საუბარი შეეხო ასოცირების ხელშეკრულების საკითხსაც. ბორელმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ ამ სფეროში მიღწეულ პროგრესს და ქვეყნის განუხრელ წვლილს აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG