Accessibility links

logo-print logo-print

სააკაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მისი მთავრობის გამარჯვებად მიიჩნევს


მიხეილ სააკაშვილი

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა „მთავარი არხის“ ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

„ეს არის მეორე გამარჯვება ჩემი მთავრობის, ჩემი მთავრობის წასვლის შემდეგ. პირველი გამარჯვება ჩვენ მოვიპოვეთ შუალედური, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში, ეს არის გაერო-ს სასამართლო, რომელიც წულუკიანის მცდელობით, მეორე ეტაპზე დავკარგეთ. ეს არის მეორე გამარჯვება ჩემი მთავრობის, იმიტომ, რომ თავის დროზე შევიტანეთ სარჩელი სტრასბურგში. მიუხედავად განცხადებებისა ივანიშვილის და მთელი მისი ბანდის, რომ საქართველო იყო დამნაშავე, მიუხედავად იმისა, რომ მათ ყველა მცდელობა ჰქონოდათ, რომ ჩვენ ეს არ მოგვეპოვებინა, ჩვენ ამას მაინც მივაღწიეთ. სიმართლე საბოლოო ჯამში, შეიძლება, ურმით დადის სამართალი, მაგრამ მაინც მიდის ბოლომდე. რა თქმა უნდა, ეს არის ისტორიულად ძალიან დიდი გამარჯვება და ფაქტი, მაგრამ ჩვენ გვაქვს წინ დიდი ბრძოლები. ეს საბოლოო ჯამში დამთავრდება საქართველოს დეოკუპაციით, საქართველოს გამთლიანებით“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტი უარყოფითად აფასებს „ქართული ოცნების“ მთავრობის საქმიანობას.

„ეს მოღალატეობრივი რეჟიმი, რომელიც ყველაფერს „ჩალიჩობდა“, რომ ეს საქმეც წაგვეგო, საერთაშორისო სასამართლოშიც წაგვეგო, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში წულუკიანმა მოახდინა პროვოცირება და პირდაპირ გულშემატკივრობს იმას, რომ საქართველო გაამტყუნონ და არც მალავს ამას უტიფრად. უნდა, რომ ქართველი სამხედროები დაიჭირონ. სტრასბურგის სასამართლო ძალიან გაართულებს ამ ამბავს. ნათლად გამოჩნდა, მიუხედავად იმ ხარვეზებისა, რაზეც თინა ბურჯალიანი მელაპარაკა, ვინ არის დამნაშავე და ვინ არის სწორ მხარეს“, - აღნიშნავს სააკაშვილი.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ 21 იანვარს გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ.

"სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ რუსეთი ახორციელებდა ცხინვალის რეგიონზე და აფხაზეთზე ეფექტურ კონტროლს და აქედან გამომდინარე, მას შეერაცხება პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევისათვის.

შესაბამისად, სასამართლომ დაადასტურა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია და ოკუპირებულია რუსეთის მიერ...

ამასთან ერთად, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ 21 იანვარს გამართულ ბრიფინგზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG