Accessibility links

logo-print logo-print

დააკავეს პანკისში 42 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებული


დანაშაულის ჩადენის ადგილი

ცოტა ხნის წინ დააკავეს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში 17 იანვარს მომხდარს მკვლელობაში ბრალდებული. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

დაკავებულია 45 წლის სიმონ მარგოშვილი. შს სამინისტროში ამბობენ, რომ ბრალდებულმა შელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელს 42 წლის იბრაჰიმ ქავთარაშვილს სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად, მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცავ უწყებაში თქვეს, რომ დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დაკავებული კახეთის პოლიციის დეპარტამენტის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

რა შეიძლება გამხდარიყო მკვლელობის მიზეზი, ხეობაში ამის შესახებ ღიად ამ დრომდე არ ლაპარაკობენ.

თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებულმა, მოკლულ იბრაგიმ ქავთარაშვილს უსაყვედურა, თუ რატომ არ იმყოფებოდა ის რამდენიმე კვირის წინ, მისი ოჯახის წევრის სამძმარზე. მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული და მოკლული მეზობლები იყვნენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG