Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მზიურში“ მშობლებმა აქცია გამართეს და სკოლების გახსნის გეგმა მოითხოვეს


24 იანვარს, თბილისში, მზიურის პარკში მშობელთა საინიციატივო ჯგუფმა გამართა აქცია, სადაც მათ ხელისუფლებისგან მოითხოვეს მკაფიო გეგმა, თუ როდის და როგორ აპირებენ სკოლებისა და საბავშვო ბაღების გახსნას.

„კიდევ ერთხელ ვიგრძენით თავი მოტყუებულებად და გამოვედით, რადგან სხვა გზა მართლა ვეღარ ვიპოვეთ“, - უთხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ და ორგანიზატორმა ნინო რობაქიძემ რადიო თავისუფლებას.

ის აქციაზე თავის მცირეწლოვან შვილებთან ერთად მივიდა. ნინო რობაქიძე ფიქრობს, რომ ბავშვების საკითხი მხოლოდ სკოლების გახსნის თარიღს არ ებმის, ის, როგორც მშობელი, ღელავს იმაზე, თუ რამდენად მომზადებული დახვდება სკოლა და ბაღი პანდემიის გამოწვევებს, იმ სირთულეებს, რაც, მისი შეფასებით, ამდენთვიანი წყვეტის შემდეგ, ბავშვებს აუცილებლად ექნებათ.

„ჩვენ გვაინტერესებს, გადამზადდნენ თუ არა მასწავლებლები, მანდატურები, ექიმები. არის თუ არა მზად ინფრასტრუქტურა? სპეციალური საჭიროებების ბავშვები კიდევ ცალკე თემაა. ეს ბავშვები უკიდურესად დაიჩაგრნენ, რადგან მათთვის ონლაინსწავლების მოდელი საერთოდ არ მუშაობს. საერთოდ არსად ისმის იმ ბავშვების ხმა, რომლებიც საერთოდ ამ ონლაინსწავლების მიღმა დარჩნენ. უამრავი რამ არ ვიცით. ჩვენ არ ვიცით, როგორია სტრატეგიული ხედვა. ამიტომ გვინდა, რომ გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა ეს წნეხი იგრძნონ ჩვენგან“, - განაცხადა ნინო რობაქიძემ.

24 იანვარს თბილისში, მთავრობის კანცელარიასთანაც გაიმართა აქცია შეზღუდვების წინააღმდეგ, რომლის მთავარი ლოზუნგი და მოთხოვნაც იყო „გახსენით ქვეყანა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG