Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ვაქცინაციის დასაწყებად საჭირო საკანონმდებლო ცვლილება


საქართველოს პარლამენტმა 81 ხმით, პირველი მოსმენით მიიღო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონში შესატანი ცვლილება, რომელიც კორონავირუს SARS-CoV-2-ით გამოწვეული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში სახელმწიფოს პასუხისმგებლობას განსაზღვრავს.

კანონპროექტის თანახმად, „პროფილაქტიკური აცრისათვის ან მკურნალობისთვის განკუთვნილი ფარმაცევტული პროდუქტის შემოტანისას, როდესაც ფარმაცევტულ პროდუქტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ან მის მიერ აღიარებული მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან მინიჭებული აქვს გამოყენების ავტორიზაცია ან პრეკვალიფიკაცია, ამ ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენების შედეგად შესაძლო ზიანზე პასუხისმგებელია სახელმწიფო“.

სახელმწიფო პასუხისმგებელი არ არის მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა „ზიანზე პასუხისმგებელია იმპორტიორი, სამედიცინო პერსონალი ან სამედიცინო დაწესებულება თუ ზიანი გამოწვეულია იმპორტიორის მიერ დაშვებული შეცდომით, სამედიცინო პერსონალის ან სამედიცინო დაწესებულების მიერ დაშვებული შეცდომით, ან პროდუქტის მწარმოებელი, მწარმოებელთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად“.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, საქართველო ვაქცინების მისაღებად მოლაპარაკებებს აწარმოებს ვაქცინების გლობალური ალიანსის მიერ სპეციალურად შექმნილი COVAX-ის პლატფორმის მეშვეობით, რომელიც საშუალებას აძლევს, განიხილოს მწარმოებლის მიერ შეთავაზებული წინადადებები და დაგეგმოს ქვეყანაში ვაქცინის შეტანის პროცესი. ამასთან, მსოფლიოში ავტორიზებული ვაქცინების მწარმოებელი კომპანიები მიმღები ქვეყნებისგან ითხოვენ მათი ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების გაზიარების მექანიზმების შექმნას. პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.

საქართველო COVAX-ის პლატფორმისგან იანვრის ბოლოს ელოდება პასუხს იმის შესახებ, თუ როდის მიიღებს ვაქცინების პირველ პარტიას. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე აცრა დაიწყება ამერიკული და გერმანული კომპანიების, Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინით. სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, შესაძლოა, COVAX-მა საქართველოს 2021 წლის პირველ კვარტალშივე შესთავაზოს ბრიტანულ-შვედური კომპანიის, AstraZeneсa-​ს ვაქცინაც.

საქართველოს ვაქცინაციის გეგმა ითვალისწინებს წლის ბოლომდე, 18 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეთა 60%-ის აცრას. ვაქცინაცია ნებაყოფლობითი იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG