Accessibility links

logo-print logo-print

მოსკოვის სასამართლომ რადიო თავისუფლება "უცხოეთის აგენტების" კანონის დარღვევის გამო დააჯარიმა


27 იანვარს მოსკოვის სასამართლომ პირველი განაჩენი გამოიტანა „როსკომნადზორის“ მიერ დაწესებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ შედგენილი ოქმების მიხედვით, რაც ეხება მედიასაშუალებებს, რომლებიც რუსეთში ე.წ. უცხოეთის აგენტებად არიან მიჩნეული. „როსკომნადზორის“ ოქმები ეხება მედიაკორპორაცია რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლებასა (რთე/რთ) და მის პროექტებს. რთე/რთ და მისი გენერალური დირექტორი დაჯარიმდნენ საერთო ჯამში 1 მილიონ 100 ათასი რუბლით.

სასამართლომ არ გაითვალისწინა მედიაკორპორაციის ადვოკატების პრეტენზიები. რთე/რთ-ის ხელმძღვანელობა, რომელიც „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონმდებლობას უსამართლოდ და იურიდიულად სადავოდ მიიჩნევს, განიხილავს სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას. რთე/რთ-ში მიაჩნიათ, რომ „როსკომნადზორის“ მოთხოვნები ზღუდავს ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლებას, ნაწილობრივ კი ტექნიკურად შეუძლებელია მისი შესრულება.

„როსკომნადზორში“ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რთე/რთ არ ასრულებს უწყების ბრძანებას, რომელმაც 2020 წლის 30 ოქტომბრიდან საგრძნობლად გაამკაცრა ყველა პლატფორმაზე კონტენტის მარკირების წესები, 2020 წლის დამდეგს წარადგინა ახალი ამბების ფედერალური სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ევგენი ზურაბევმა.

29 დეკემბერს „როსკომნადზორმა“ ამ განცხადების თაობაზე შემოწმება ჩაატარა, რის შემდეგაც კორპორაცია რთე/რთ-ში გაგზავნა შეტყობინება ასობით ადმინისტრაციული ოქმის შედგენის თაობაზე ბრძანების დარღვევის გამო. უწყების თანახმად, მათი შედგენა მარტის დამდეგს დასრულდება. ჯარიმების საერთო მოცულობამ ასობით მილიონი რუბლი შეიძლება შეადგინოს.

რუსეთის კანონმდებლობა „უცხოეთის აგენტი“ არაკომერციული ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების შესახებ არაერთხელ გააკრიტიკეს დასავლეთის ქვეყნების მთავრობებმა და საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა. რუსეთის წარმომადგენლები ხშირად აცხადებენ, რომ „უცხოეთის აგენტი მედიასაშუალებების შესახებ კანონი“ არის „სარკისებრი რეაქცია“ აშშ-ის კანონმდებლობის მოთხოვნაზე, რუსეთის ტელეარხ RT-ის „უცხოეთის აგენტად“ რეგისტრირების თაობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG