Accessibility links

site logo site logo

ქუთაისში ტრანსპორტის გახსნის მოთხოვნით მოვაჭრეებმა აქცია გამართეს


ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული ბაზრობისა და სავაჭრო ცენტრის მოვაჭრეებმა ტრანსპორტის გახსნის მოთხოვნით აქცია გამართეს.

მათი თქმით, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმუშავებს 1 თებერვლიდან, სავაჭრო მოლების და ბაზრობების გახსნას აზრი ეკარგება, რადგან ვერც თანამშრომლების დიდი ნაწილი მივა და ვერც მომხმარებლების.

"ძალიან რთულ მდგომარეობაში ვარ, ხუთსულიან ოჯახში მარტო მე ვმუშაობდი, ამ შეზღუდვების გამო კი დავკარგე სამსახური, ჩემი ასაკის ადამიანები სამუშაოზე არავის აჰყავს, მაღაზიები მხოლოდ ახალგაზრდა კადრებს ეძებენ, 51 წლის ვარ. ბაზრობაზე ვმუშაობდი და უტრანსპორტობის გამო ისიც დავკარგე, რადგან ვერ დავდივარ, ტაქსის ფული არ მაქვს, რომ ყოველდღიურად გადავიხადო, ამიტომ ვითხოვ ამუშავდეს ავტობუსები"- ამბობს ციცნო ბუაძე.

ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელი ნატო დანელია ამბობს და მათ საბანკო ვალდებულებები და უამრავი სხვა პასუხისმგებლობა აქვთ აღებული. ამიტომ მუშაობის სწრაფად გასაახლებლად, დროულ ვაქცინაციაციას და ტრანსპორტის ამოქმედებას მოითხოვს.

"სავაჭრო ცენტრი კოვიდრეგულაციებს იცავს. ვითხოვთ ვაქცინების შემოტანას და დროულ ვაქცინაციას, ტრანსპორტის აღდგენას და ნორმალურ მუშაობას. ეკონომიკა ისედაც ჩამოშლილია და კიდევ უარეს მდგომარეობას მივიღებთ, თუ არ მოგვეცა ნორმალურად მუშაობის შესაძლებლობა", - ამბობს ნატო დანელია.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციის მონაწლეები აპირებენ პერმანენტული პროტეტის დაწყებას.

"ან გახსნან ყველაფერი ან არ გავჩერდებით და პერმანენტულ აქციებს დავიწყებთ, მთავრობა საერთოდ არ გვაქცევს ყურადღებას, არ მოსულა მერიიდან არავინ, პანდემიაა ყველგან, შიმშილი და უფულობა გვკლავს ჩვენ, რა ვუყო ვალებს, რომლიც გვაქვს, ბანკი არაფერს გვპატიობს, გადაგივადებთო, იმას პროცენტი ემატება და დროში იზრდება. საიდან მოვიტანო ფული თუ არ ვიმუშავე, თუ ხალხი არ მოვიდა ბაზარში და პროდუქტი არ იყიდა? მთავრობას მხოლოდ ჩვენი ხმები უბნდა არჩევნებზე, მერე ვავიწყდებით და ისედაც დაქცეულ ქვეყანას კიდევ მეტად აქცევენ"-ეუბნება რადიო თავისუფლებას ქეთინო ხანთაძე.

უტრანსპოორტობის გამო რამდენიმე კილომეტრს ფეხით დადის ყოველ დღე ნაირა ვარშალომიძე.

"აღარ ვიცი რა გზას დავადგე, დღეს 6 კილომეტრი ფეხით გამოვიარე გურიიდან, რომ ჩაი და ლიმონი გავყიდო, ტრანსპორტი არაა, როდემდე და როგორ შევძლებ ფეხით სიარულს. თუ არ გავყიდე, რა მივიტანო ოჯახში, ბავშვები მომჩერებიან, ჭამა უნდათ, ხორციანი საჭმელი თვეში ერთხელ ხომ მაინც უნდა ჭამონ? სასკოლო ნივთები გვჭირდება, ათასი წვრილმანი"-თქვა ნაირა ვაშალომიძემ.

მაია ბენიძის თქმით კი, საზოგადოებრივი ტრასპორტის არ არსებობის გამო, ტაქსის მძღოლებმა გაზარდეს ფასები. „თუ მანამდე ავტოქარხნიდან ჭავჭავაძემდე ტაქსს 4 ლარს ვაძლევდი, ახლა 7 ლარი გახდა მგზავრობა. აქეთ რომ მოვიდე, სახლში ხომ უნდა დავბრუნდე? სად მაქვს ამდენი ფული?“

აქციის მონაწილეები ადგილობრვ თვითმმართველობას და ქუთაისის მერს მოუწოდებენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა 1 თებერვლიდან რეგულაციების დაცვით აღარდგინონ.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 22 იანვარს დაამტკიცა ნოემბრის ბოლოდან მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა, რომლის თანახმად, 1 თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების და მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების მუშაობა. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუშაობას განაახლებენ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები, თუმცა ამ ქალაქებში 1 მარტამდე გადაიდო სკოლების და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლება.

1 მარტამდე საქართველოში ისევ აკრძალული იქნება გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე. ძალაში რჩება ყველა სხვა შეზღუდვაც, მათ შორის სათხილამურო კურორტებზე და ისევ არ იმუშავებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG