Accessibility links

site logo site logo

კომუნიკაციების კომისიამ "მთავარი არხის" სიუჟეტი მინისტრის გენიტალიების ახლო ხედით უხამსობად მიიჩნია და დარღვევა დაადგინა


საქართველოს კომუნიკაციბის კომისიამ "მთავარ არხს" ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის პარლამენტში გადაღებული კადრების ახლო ჩვენებისთვის დარღვევა დაუდგინა. საუბარია 12 დეკემბერს საინფორმაციო გამოშვებაში გასულ მასალაზე, სადაც ახლო კადრით იყო ნაჩვენები მინისტრის შარვალი.

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, მაუწყებელს დარღვევა დაუდგინდა, თუმცა სანქცია არ დაეკისრა.

“ჩვენ არ გვაქვს მიზნად, რომ კონკრეტული მედიასაშუალებები, სადაც ეს დარღვევები ხდება დასჯის ინსტრუმენტით ვაიძულოთ აღმოფხვრას. ამას ეფუძნებოდა ჩვენი გადაწყვეტილება”, - თქვა კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა.

საკითხის შესწავლა კომისიამ საკუთარი ინიციატივით, მაყურებლის, მინისტრის ან სხვა დაინტერესებული მხარის საჩივრის საფუძველზე არ დაუწყია.

დეპარტამენტის თანამშრომელი ასე აღწერდა მასალას, რომლის შეფასებასაც ითხოვდა:

„სიუჟეტის პირველ ნაწილში ნაჩვენებია პარლამენტის დარბაზში მყოფი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ივანე მაჭავარიანი. კადრი გადატანილია ახლო ხედით მინისტრის შარვალთან, შარვლის გარედან გენიტალიებზე ფოკუსით და მკაფიოდ ჩანს, როგორ იკიდებს ხელს შარვალზე ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. კადრს გასდევს ჟურნალისტის სიტყვები: „აგერ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მართალია სხეულის ენით, მაგრამ ძალიან გარკვევით და გასაგებად გვაჩვენა, რის გაკეთებას აპირებს მეათე მოწვევის პარლამენტი“.

კომუნიკაციების კომისიის შეფასებით, "მთავარი არხის" სიუჟეტში ორი პრობლემური კომპონენტი იყო და ეს ასე განმარტა:

  1. გრაფიკული გამოსახულება, რომელსაც თან ერთვოდა აუდიონარატივი უხამს გამონათქვამზე კონოტაციით;
  2. ჟურნალისტის გამონათქვამი, რომელშიც იგი პარლამენტს პრეზერვატივს ადარებდა, ხოლო კონტექსტის გათვალისწინებით პარლამენტის წევრებს მამაკაცის გენიტალიებს.

"კომუნიკაციების კომისიას მიაჩნია, რომ სიუჟეტში უხამსობის შემცველი კონოტაცია საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებთან თანხვედრაში არ არის და საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება არ გააჩნია. კომუნიკაციების კომისიამ განხილვის შედეგად შეაფასა, რომ უხამსობის შემცველი გადაცემის განთავსებით მაუწყებლის მაყურებლის უფლებები დაირღვა", - ვკითხულობთ კომისიის განცხადებაში.

"მთავარი არხის" იურისტი, თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ მათ ეთერში გასული მასალა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდებოდა.

მასალა განახლებულია კომუნიკაციების კომისიის განცხადების გამოქვეყნების შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG