Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ მხარი არ დაუჭირა PACE-ში რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობას


რუსეთი არღვევს ევროსაბჭოს ძირითად პრინციპებს - საერთაშორისო სამართალს და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, ამიტომ საქართველო მხარს არ უჭერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში(PACE) რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობას. ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა კახა კუჭავამ განაცხადა სტრასბურგში, ასამბლეის დღევანდელ სხდომაზე რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხის განხილვისას.

კახა კუჭავამ ილაპარაკა 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს მიერ ახლახან მიღებულ გადაწყვეტილებასა და რუსეთისთვის დაკისრებულ პასუხისმგებლობაზე:

„რუსეთმა დაარღვია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის წამების აკრძალვა, სიცოცხლის უფლება, გადაადგილების თავისუფლება და საკუთრების უფლება. ნება მიბოძეთ გკითხოთ, შეიცვალა რამე 2008 წლის შემდეგ? ასრულებს რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას? იკვეთება მისი დამოკიდებულების ან ქცევის ცვლილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ? შეასრულა მან ევროსაბჭოს რეკომენდაციები? ყველა ამ კითხვაზე პასუხი ცალსახაა - არა“.

კახა კუჭავას განცხადებით, 2021 წელსაც იგივე ხდება, რაც 2008 წელს ხდებოდა - ქართველების ინტენსიური ეთნიკური დისკრიმინაცია, სიცოცხლის უფლების ჩამორთმევა, წამების, გატაცებისა და უკანონო დაკავების შემთხვევები, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა და დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების დარღვევა:

„ამ ყველაფერს თან ერთვის რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების არ შესრულება და ახალი ნაბიჯების გადადგმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ. შესაბამისად, სანამ ევროსაბჭოს ძირითადი პრინციპების - საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური ნორმების ამგვარი უგულებელყოფის მოწმენი ვართ და ეს ნორმები წარმოადგენს ევროსაბჭოს მთავარ პრინციპს, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხს".

რუსეთს 2014 წლის შემდეგ, ყირიმის ანექსიის გამო ჩამორთმეული ჰქონდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სრულფასოვანი მუშაობის და ხმის უფლება. 2019 წლის ივნისში, ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთს მისცა 2020 წლიდან ასამბლეაში სრულფასოვნად დაბრუნების შესაძლებლობა.

2021 წლის ზამთრის სესიაზე, რომელიც 25 იანვარს გაიხსნა, რუსეთის უფლებამოსილება გაასაჩივრა უკრაინის დელეგაციამ. დღეს ასამბლეამ 107 ხმით 36-ის წინააღმდეგ რუსეთის უფლებამოსილება დაადასტურა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG