Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიაში ამერიკელმა სამხედროებმა ხელთ იგდეს რუსული წარმოების სარაკეტო კომპლექსი „პანცირ-ს1“-ი


სამოქალაქო ომში ჩაფლულ ლიბიაში ამერიკელმა სამხედროებმა ხელთ იგდეს რუსული წარმოების სარაკეტო კომპლექსი „პანცირ-ს1“-ი, რომელიც საიდუმლო ოპერაციის ფარგლებში გადაიტანეს გერმანიაში, რამშტაინში, მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე.
ამის შესახებ წერს ბრიტანული „ტაიმი“, რომლის თანახმად ეს ოპერაცია შარშან ივლისში განხორციელდა.
ამავე ცნობით, ამერიკელმა სამხედროებმა ამ ოპერაციის ჩატარება განიზრახეს მას შემდეგ, რაც არსებობდა საშიშროება, რომ საჰაერო თავდაცვის კომპლექსი შესაძლოა ხელში ჩავარდნოდათ იარაღით უკანონო მოვაჭრეებს ან უკონტროლო სამხედრო დაჯგუფებებს.

სარაკეტო კომპლექსი „პანცირ-ს1“-ი რუსეთისაგან შეიძინა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, რომელმაც ეს შეიარაღება, თავის მხრივ, ლიბიის ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ გენერალ ხალიფა ჰაფტარის ძალებს გადასცა.
გავრცელებული ცნობით, ეს თანამედროვე სარაკეტო კომპლექსი ლიბიის სამთავრობო ჯარების ხელში აღმოჩნდა დედაქალაქ ტრიპოლის მახლობლად მდებარე ავიაბაზის მეამბოხეთაგან გათავისუფლების ოპერაციის შედეგად, რომელშიც ლიბიელ სამხედროებს თურქეთი უწევდა დახმარებას.

„Times“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ხაზგასმულია, რომ სარაკეტო კომპლექსის ამერიკულ ბაზაზე გადატანა წარმოადგენს ერთ-ერთ იმ გაუხმაურებელ ოპერაციას, რომელიც აშშ-ის მიერ ლიბიაში რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში დაიგეგმა.
მანამდე ამერიკელმა სამხედროებმა გააფრთხილეს ლიბიის ხელისუფლება მათ ქვეყანაში „პუტინის მზარეულის“ სახელით ცნობილი ევგენი პრიგოჟინის პოლიტტექნოლოგების ყოფნის შესახებ. ორი მათგანი ლიბიაში დააპატიმრეს და სულ ახლახან გაათავისუფლეს, წელიწადზე მეტი ხნის პატიმრობის შემდეგ.
ამას გარდა, აშშ-ის სამხედრო სარდლობამ გამოაქვეყნა ანგარიში გენერალ ჰაფტარის შეიარაღებაში არსებული რუსული წარმოების სამხედრო თვითმფრინავების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG