Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გვალვა და უწყლოდ დარჩენილი ეკომიგრანტები კახეთში


სასმელი წყლის პრობლემა კახეთის სოფლებს ყოველი წლის ზაფხულში აწუხებს, განსაკუთრებით ივლისსა და აგვისტოს თვეებში - მაშინ, როცა გვალვებია, თუმცა, უკვე მესამე წელია, გვალვაა ზამთარშიც.

მუნიციპალიტეტში დეკემბერსა და იანვარში არც თოვლი მოსულა და არც წვიმა, უნალექო ამინდები კი პირდაპირ აისახა იმ სოფლების წყალმომარაგებაზე, რომლებიც ჭაბურღილებით სარგებლობდნენ. ჭაბურღილებში წყლის რაოდენობა შემცირდა და, კვირაზე მეტია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარს სასმელი წყალი არ მიეწოდება. სოფელში ძირითადად აჭარის რეგიონიდან სხვადასხვა დროს ჩასახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ. ახლა იქ წყალი რამდენიმე ადგილზე მხოლოდ საუბნო ონკანებიდან მოდის, თუმცა ისიც მცირე რაოდენობით. ერთ-ერთი საუბნო ონკანი ცისმარ კლიმენკოს სახლთანაა. ის გვეუბნება, რომ ყოველდღე სარეცხს შინ რეცხავს, გასავლებად კი ქუჩაში გამოაქვს:

„გასარეცხად თითქმის ყველაფერი აქ, ქუჩაში, გამომაქვს. უწყლობა განსაკუთრებით ძნელია ქალებისთვის... არაფერი არ ვიცით და არც გვეუბნებიან, რატომ არ გვაქვს წყალი. ის კი ვიცით, რომ გასულ წელსაც, ამ დროს, იგივე პრობლემა იყო“.

ცისმარ კლიმენკოსგან განსხვავებით, თინათინ ბოლქვაძის სახლთან საუბნო ონკანი არ არის, ამიტომ წყლის მიტანა შედარებით შორი მანძილიდან უწევს. თინათინმა ჩვენთან საუბრის დროს გასული წლის ანალოგიური პერიოდი გაიხსენა, როცა უწყლობით შეწუხებულმა ათეულობით ოჯახმა საპროესტო აქცია გამართა. მაშინ მუნიციპალიტეტისგან დაპირება მიიღეს, რომ ახალი ჭაბურღილი მოეწყობოდა და სასმელი წყლის პრობლემა მთლიანად მოიხსნებოდა, თუმცა ადგილზე დღეს ამბობენ, რომ ეს დაპირება ჯერ არ შესრულებულა.

„ონკანზე აქამდე ცოტა წვეთები მოდიოდა და ახლა, ერთი კვირაა, სახლებში წყალი საერთოდ არ გვაქვს. ანალოგიური მდგომარეობა იყო შარშანაც. მაშინ დაგვპირდნენ, რომ პრობლემას მოაგვარებდნენ, მაგრამ კი ხედავთ, რა გაჭირვებაშიც ვართ. სწორედ ამის გამო ადგილობრივ ხელისუფლებას აღარც კი გავაგებინეთ, რომ წყალი არ გვაქვს“.

უკვე წლებია, სოფელ ჰერეთისკარში სათემო ორგანიზაცია „ჰერეთი“ მუშაობს. მისი ხელმძღვანელი, თათია გელაძე, გვეუბნება, რომ წყალმომარაგების კომპანიამ სოფლისთვის სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად ახალი ჭაბურღილი ნამდვილად მოაწყო, მაგრამ ადგილამდე არ არის მიყვანილი ელექტროენერგია და სხვა კომუნიკაციები, ამიტომ ჭაბურღილი არ მუშაობს. თათია გელაძის თქმით, მოსახლეობა ონკანებს რომ კეტავდეს, პრობლემა ან არ იქნებოდა, ან იქნებოდა შედარებით მცირე მასშტაბის:

„როგორც ჩვენ მოვიკვლიეთ, ჭაბურღილი გაკეთებულია, მაგრამ ადგილამდე არ არის მიყვანილი ელექტროენერგია. გვითხრეს, რომ გაკეთდება ახლო მომავალში და ბურღში ჩაეშვება წყალსაქაჩი მოტორი, რომელიც შემდეგ წყლის მაგისტრალს მიუერთდება, თუმცა ამ ეტაპზე ხედავთ, რომ პრობლემა ჯერ ისევ არის და ვერ მოგვარდა“.

რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ სოფელ ჰერეთისკარში მინიმუმ კიდევ ორი თვე ახალი ჭაბურღილი ვერ ამუშავდება, რადან წყალმომარაგების კომპანია ახლა აპირებს ტენდერი გამოაცხადოს და ობიექტამდე ელექტროენერგია მიიყვანოს. კომპანიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელ ლელა კიკალეიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ჭაბურღილი ამუშავდება, ჰერეთისკარის გარდა სასმელი წყლის პრობლემა მოეხსნება კიდევ ორ სოფელს - ჭიაურსა და თამარიანს.

„სამუშაოების ჩასატარებლად კომპანია რამდენიმე დღეში გამოაცხადებს ტენდერს და მას შემდეგ, რაც ელექტროენერგიის მიყვანა დასრულდება, ჭაბურღილი შევა ექსპლუატაციაში. შედეგად, სოფლებში, სადაც წყლის სიმცირეს უჩიოდნენ, პრობლემა მოგვარდება და წყალმომარაგება გახდება სტაბილური. დამატებით მინდა გითხრათ, რომ ამ პროექტის განსახორციელებლად 200 ათასი ლარი იყო გამოყოფილი“.

გვალვა და უწყლოდ დარჩენილი ეკომიგრანტები კახეთში
please wait

No media source currently available

0:00 0:03:36 0:00

აღსანიშნავია, რომ ზამთრის გვალვის გამო სასმელი წყლის პრობლემა მწვავედ დგას კახეთის ქალაქების ერთ ნაწილშიც, მათ შორის თელავში. თელავის დიდ ნაწილს წყალი გრაფიკით, დღეში 2-3 საათით მიეწოდება. რაც შეეხება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარს, ადგილობრივ მცხოვრებთა ნაწილი ამბობს, რომ თუკი უწყლობა კიდევ დიდხანს გაგრძელდა, შესაძლოა საპროტესტო აქცია გამართონ და პრობლემის მოგვარება ამ ფორმით მოითხოვონ.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG