Accessibility links

site logo site logo

დაეხმარება ევროკავშირი საქართველოს COVID-ვაქცინის მიღებაში?


საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ჯანდაცვის სტრუქტურების მაღალჩინოსნებმა ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და ინსტიტუციების მშენებლობის დირექტორატის დირექტორს ლოურენს მერედითსა და ევროკომისიის წარმომადგენლებს ჯანდაცვის საკითხებში, COVID-19-ის ვაქცინაციის გეგმები და ვაქცინის დროულად მიღების პროცესში არსებული გამოწვევები გააცნეს. შეხვედრა ონლაინფორმატში, 29 იანვარს გაიმართა.

ვაქცინაციის ქართული გეგმა ევროკომისიის წევრებსა და უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ წარუდგინა. შეხვედრაზე უკრაინას წარმოადგენდა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი, მაქსიმ სტეპანოვი. მოლდოვაში არსებული ვითარება კი შეხვედრის მონაწილეებს ტატიანა ზატიკმა, ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო მდივანმა გააცნო.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ვაქცინაციის პროცესი ნელი ტემპით, მაგრამ მაინც მიმდინარეობს, ამ პროცესში, ჯერჯერობით, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ვერ ჩაერთნენ. სწორედ ამიტომ, იანვრის დასაწყისში, ევროკავშირის 13 წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკომისიას მოუწოდეს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს კოვიდ-19-ის ვაქცინაზე წვდომაში დაეხმაროს. 6 იანვარს გაგზავნილ წერილს, რომლის ინიციატორიც ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრია, ხელი მოაწერეს ბულგარეთის, ხორვატიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, უნგრეთის, ლატვიის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

22 იანვარს კი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების წერილის პათოსს შეუერთდნენ ევროპარლამენტარებიც. 21-მა პარლამენტარმა ევროკავშირის სტრუქტურების მაღალჩინოსნებს ერთობლივი ღია წერილით მიმართა და სთხოვა, ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ვაქცინაციის პროცესში დაეხმაროს. როგორც ღია წერილში ვკითხულობთ, ევროპარლამენტარები ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ იმ ფაქტის გამო, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უმრავლესობა ვაქცინის მისაღებად „მხოლოდ Covax-ის პლატფორმას ეყრდნობა, რაც მათი მოსახლეობის იმუნიტეტის გამომუშავებისთვის საკმარისი არ არის“. გარდა ამისა, ისინი აღნიშნავენ, რომ ამ პლატფორმის გავლით, ვაქცინაზე წვდომა, ქვეყნებს მხოლოდ გაზაფხულზე ექნებათ, რის გამოც, შესაძლოა, ამ ქვეყნებს ჩინური და რუსული ვაქცინის გამოყენება მოუწიოთ:

„ცხადია, რომ ვაქცინებით მომარაგებას რუსეთი და ჩინეთი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონზე გავლენების გასაზრდელად გამოიყენებენ და როგორც წინა შემთხვევების დროს, ეს ამ ქვეყნებში ევროკავშირის უფრო ძლიერ მხარდაჭერას შეარყევს. მოგიწოდებთ, შექმნათ დეტალური გეგმა, როდის და რამდენი ვაქცინის მიღებას შეიძლება ელოდონ ჩვენი პარტნიორები“, - აღნიშნულია ევროპარლამენტარების წერილში.

ევროკავშირი ვაქცინის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესებას გეგმავს

ვაქცინაციის პროცესი საკმაოდ ნელი ტემპითა და შეფერხებებით მიმდინარეობს თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. სწორედ ამის გამოძახილია ევროკავშირის უახლესი გეგმა, შექმნას შემზღუდავი და მაკონტროლებელი მექანიზმი, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის ქვეყნები ვაქცინის ექსპორტის მექანიზმს გაართულებენ და ის მკაცრ კონტროლს დაექვემდებარება. ევროკავშირის განცხადებით, გაკონტროლდება კორონავირუსის ვაქცინების ექსპორტი ბლოკს გარეთ მყოფ ქვეყნებში.

ბრიუსელის თანახმად, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ვაქცინის მწარმოებელი კომპანიების მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულებების შეუსრულებლობა. ევროკომისიამ ვაქცინების რვა მწარმოებელ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება, საერთო ანგარიშით, დაახლოებით 2 მილიარდი დოზა ვაქცინის მისაღებად, თუმცა, ამ დრომდე, ვაქცინა ნელი ტემპითა და შემჭიდროებული დოზებით შედის ევროკავშირში. მაგალითად, კომპანია „ასტრაზენეკა“ პირველ კვარტალში, შეთანხმებული დოზის მხოლოდ 40%-ს შეიტანს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

  • ვაქცინის შემცირებული მიწოდების პირობებში, ესპანეთი ორი კვირით აჩერებს პირველი დოზით ვაქცინაციას.
  • ანალოგიური სიტუაციის შესახებ იტყობინებიან პარიზის კლინიკები. მათი განცხადებით, ისინი აჩერებენ პირველი დოზით ვაქცინაციის პროცესს, რათა შეძლონ იმ ადამიანების აცრა, რომლებსაც უკვე მიღებული აქვთ ვაქცინის ერთი დოზა.
  • პორტუგალია აცხადებს, რომ ვაქცინაციის პირველი ფაზის დასრულება, დაგეგმილზე ორი თვით მეტს წაიღებს.

შეზღუდვები ვაქცინის ექსპორტთან დაკავშირებით, ბრიუსელმა, შესაძლოა, 29 იანვარს, გვიან საღამოს დააწესოს. ბრიუსელი ირწმუნება, რომ ის არ გეგმავს, სამომავლოდ სრულად დაბლოკოს ვაქცინის ექსპორტი. მათი განცხადებით, შეზღუდვის მექანიზმის ამოქმედება ემსახურება მეტ გამჭვირვალობას ვაქცინის ექსპორტის პროცესში.

როგორ აისახება შეზღუდვები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე?

ხომ არ იმოქმედებს ევროკავშირის მიერ დაგეგმილი „შემზღუდავი მექანიზმის“ ამოქმედება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ვაქცინის მიწოდების პროცესზე? - ამ კითხვით ლოურენს მერედითს, ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და ინსტიტუციების მშენებლობის დირექტორატის დირექტორს მიმართა რადიო თავისუფლების ბრიუსელელმა კორესპონდენტმა, რიკარდ იოზვიაკმა, 29 იანვარს გამართულ ონლაინშეხვედრაზე.

ლოურენს მერედითმა, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას დაუდასტურა ევროკომისიის სურვილი, ღია მხარდაჭერა და მზადყოფნა ვაქცინაციის დროულად მიღების პროცესში. თუმცა, ისიც დაამატა, რომ ამ ეტაპზე, მეტი დეტალის დაზუსტება არ შეეძლო:

„ჩვენ ვიკვლევთ, რომელი მექანიზმი იქნება ყველაზე სწრაფი და ყველაზე ეფექტიანი. მე და ჩემი გუნდი ვმუშაობთ იმისათვის, რომ პირველ ეტაპზე უზრუნველვყოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებისა და დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის ქვეყნების სამედიცინო პერსონალისათვის საჭირო 750 000 დოზა ვაქცინის მიწოდება. მთავარი გზავნილი ჩვენი პარტნიორებისათვის, რომლებიც ახლა ონლაინ არიან - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა - ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, ჩვენ თქვენი ხალხის გვერდით ვართ და როგორც კი შესაძლებლობა იქნება, ჩვენს დახმარებას მიიღებთ. ბოდიშს ვიხდი, რომ მეტი ტექნიკური დეტალის დაზუსტებას, ამ ეტაპზე, ვერ შევძლებ, რადგან არ მინდა, შეცდომაში შეგიყვანოთ, მაგრამ ჩვენი პრიორიტეტია, ხომ ხალხი აიცრას რაც შეიძლება მალე“.

29 იანვარს გამართულ ონლაინშეხვედრაზე, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, საქართველოში ვაქცინაციის პროცესის დასაწყებად ევროკავშირის დახმარების იმედი გამოთქვა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის სურვილია, რომ ეს პროცესი თებერვალში დაიწყოს:

„ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სამი მილიონ შვიდასი ათასი მოსახლით, ძალიან ძნელია, საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე, დამოუკიდებელი წვდომა მოვიპოვოთ რომელიმე წყაროზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა და ფასილიტაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ვაქცინის მისაღებად, რომელსაც ევროკავშირი გვპირდება. მეორე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ვადებია. ჩვენ ვაქცინაციის კონკრეტული გეგმა უნდა გვქონდეს. რა თქმა უნდა, საბოლოოდ, ყველა მიიღებს ვაქცინას, მაგრამ ჩვენთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროგრამა დაიწყოს თებერვალში. ეს არის ახლა ჩვენი ამოცანა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა მივაწვდინოთ ხმა საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ამ პროცესში გაგვიწიონ დახმარება“.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ COVID-19-ის ვაქცინაციის გეგმა 21 იანვარს წარადგინა. გეგმის თანახმად, 2021 წლის მიწურულამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ქვეყნის მოსახლეობის 60%, 18 წელს ზევით მოქალაქეები უნდა აიცრან. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმა პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა, 28 იანვარს მესამე მოსმენით დაამტკიცა და მას უკვე მოაწერა ხელი საქართველოს პრეზიდენტმა.

„საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების თანახმად, ვაქცინაციის პროცესში შესაძლო ზიანზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანი გამოწვეულია იმპორტიორის, სამედიცინო პერსონალის ან სამედიცინო დაწესებულების მიერ დაშვებული შეცდომით.

28 იანვრის მონაცემებით, მსოფლიოში 90 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი. მათ შორის, ყველაზე მეტი, 26 მილიონი ადამიანი აცრა აშშ-მ. ამერიკას თითქმის 23 მილიონით მოსდევს ჩინეთი. მესამე ადგილს ვაქცინირებულ ქვეყნებს შორის იკავებს დიდი ბრიტანეთი, 10 მილიონით. ნახევარი მილიონიდან მილიონ 700 ათასამდე ჩატარებული ვაქცინით მერყეობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, მათ შორის, გერმანია, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, რუმინეთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG