Accessibility links

site logo site logo

საქართველოში ნაწილობრივ გაუქმდა კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული აკრძალვები


დღეიდან, 1 თებერვლიდან საქართველოში ნაწილობრივ გაუქმდა კორონავირუსის ეპიდემიის გამო 2020 წლის ნოემბრის ბოლოდან მოქმედი შეზღუდვები.

ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში ამუშავდა მუნიციპალური ტრანსპორტი, მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლებში სწავლა გრძელდება საკლასო ოთახებში.

დღეიდან, აჭარის რეგიონში ნებადართულია სტუმრების მიღება კაფეების და რესტორნების ღია სივრცეებში. ამასთან, კვლავ აკრძალულია ქორწილების, სხვადასხვა სოციალური ღონისძიების, თუ წვეულების გამართვა.

თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუშაობა განაახლეს მხოლოდ მაღაზიებმა და სავაჭრო ცენტრებმა. ამ ქალაქების სკოლებში სწავლა დისტანციურად გრძელდება.

გაზრდილი მობილობის კომპენსირების მიზნით, თებერვლის განმავლობაში შაბათ-კვირას არ იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ხოლო კვების ობიექტები, სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები იმუშავებენ მხოლოდ გატანა-მიტანის სერვისით.

საქართველოში ისევ მოქმედებს „კომენდანტის საათი“ საღამოს ცხრიდან დილის ხუთ საათამდე. ისევ აკრძალულია საქალაქთაშორისო მიმოსვლა. დაკეტილია რესტორნები, კაფეები და ზამთრის კურორტები.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ეტაპის გეგმა 22 იანვარს დაამტკიცა, რეგიონების მიხედვით არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით. ამ გეგმით, ყველა ქალაქში არსებული ღია და დახურული ბაზრობები 15 თებერვლიდან უნდა გაიხსნას, ხოლო თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავება და სკოლების გახსნა 1 მარტიდან იგეგმება.

ამასთან, საქართველოს მთავრობაში განაცხადეს, რომ თუ ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება გაგრძელდება და ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი გარკვეული დროის განმავლობაში 4%-ს არ გასცდება, შეზღუდვები შესაძლოა, უფრო ადრე მოიხსნას. გასული კვირის ბოლოს ეს მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იყო.

წინა კვირაში თბილისსა და ქუთაისში ჩატარდა არაერთი საპროტესტო აქცია ტრანსპორტის, ბაზრობების და კვების ობიექტების ამუშავების და გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გაუქმების მოთხოვნებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG